მეყვავილეობა

მეყვავილეობა, მემცენარეობის დარგი, დეკორ. მცენარეების გაშენება ასაჭრელი ყვავილების მისაღებად (სამრეწვ. მ.), ყვავილნარების კლუმბებისა და რაბატების გასაფორმებლად, აგრეთვე ოთახისა და ნაგებობის გასამწვანებლად (დეკორ. მ.). მ-ში განარჩევენ დახურული (ორანჟერეა, სათბური) და ღია გრუნტის კულტურებს. დახურულ გრუნტში გამოჰყავთ სითბოს მოყვარული, ოთახის, დეკორ. და სხვ. მცენარეები, ღია  გრუნტში – ერთ, ორ- და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეები. ერთწლოვანი (ე.წ. მოზაფხულე) ყვავის პირველ  წელს, თესავენ ღია და დახურულ გრუნტში სხვადასხვა  დროს. გამოყენების მიხედვით განასხვავებენ ასაჭრელ და ყვავილნარების შემოსარგავ მცენარეებს, დეკორ. ფოთლოვნებს (ერთეული ან ჯგუფური ნარგაობის შესაქმნელად), ჯუჯა მცენარეებს

ბორდიურებისათვის და ხვიარა მცენარეებს. ორწლოვანი და ზოგიერთი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მე-2 წელს იწყებს ყვავილობას.     

მ-ს, როგორც ინდუსტრიას, საფუძველი ჩაეყარა  XIX ს. ინგლისში, სადაც ყვავილები მოჰყავთ საკუთარ მამულებში. შემდგომ მ. განვითარდა ევროპაში, ამერიკაში, სსრკ-ში), განსაკუთრებული წარმატებით კი – ჰოლანდიაში.  

საქართველოში მ. მოიცავს დეკორატიული მცენარეების  გამოყვანას, ასევე სამეცნ.-კვლ. მუშაობას ბოტან. და დენდროლოგიურ ბაღებში. მ-ის  საკითხები შუქდებოდა  ბოტან. ბაღის  შრომებსა და ჟურნ. „საქართველოს ბუნებაში“.

დღეისათვის მ. მრავალი ქვეყნისათვის საკმაოდ დინამიკური, მომგებიანი და სწრაფად განვითარებადი ბიზნესია, რ-მაც ზრდის მნიშვნელოვან ტემპს მიაღწია. საქართველოში გამწვანების სამსახური აქტიურად არის ჩართული დარგის განვითარების სრულყოფაში. ყვავილების ბაზარი ძირითადად ორიენტირებულია ღია გრუნტის მცენარეებზე (ერთ-,ორწლოვანი ქოთნისა და ასაჭრელი მცენარეები), ანუ სამრეწველო ყვავილებზე. ყვავილები ძირითადად შემოაქვთ თესლებისა და ნერგების  სახით და აქ არსებულ სასათბურე მეურნეობებში ხდება მათი გამოყვანა. მსგავსი მეურნეობაა: ვანის სასათბურე მეურნეობა, „გარდენია შევარდნაძე“, „მწვანე სახლი“, „გამწვანება კრწანისი“, „გრინსერვისი“, „ევროეზო“, „გრინგარდენ“ ჯი და სხვ. ეს სასათბურე მეურნეობები ქართ. დეკორ. ყვავილების ბაზრის ძირითადი მწარმოებლები და მომმარაგებლები არიან.

 თ. ჩერქეზიშვილი

ჯ. იანქოშვილი

ნ. უტიაშვილი