მეშველიანი ჯოკია სანდროს ძე

მეშველიანი ჯოკია სანდროს ძე (1928, სოფ. ლექსურა, ახლანდ. ლენტეხის მუნიციპალიტეტი, – 13. II. 1994), მომღერალი, საქართვ. სახ. არტისტი (1987). დაამთავრა სას.-სამ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი (1953) და მუშაობა დაიწყო  ლენტეხის რ-ნის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფრ. აგრონომად. ლენტეხის კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო VI რესპ. ოლიმპიადაში. აღსანიშნავია ქვემო სვანეთის  კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის (ხელმძღვ. – მ. ონიანი და ჯ. მეშველიანი, ქორეოგრაფი – ა. გოგიძე) მიერ შესრულებული სვანური სიმღერები VII რესპ. ოლიმპიადაზე. მ. 1954-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ლენტეხის მუნიციპ-ის გუნდს, რ-საც მოგვიანებით ეწოდა „ლილე“. დიდია მ-ის წვლილი მრავალი სიმღერის მოძიებასა და აღდგენაში. მან აღადგინა 3)-ზე მეტი მივიწყებული სვანური ფერხული, მ. შ. „ადრეილა“, „ლაგუშედა“, „როსტომ ჭაბიკ“, ასევე  26-ზე მეტი უძველესი სვან. სიმღერა. მ-ის ინიციატივით ლენტეხში დაარსდა სახ. თეატრი (1976), 1989 – მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 1994 ლენტეხში გაიხსნა მისი სახ. ფოლკლორის 4-წლიანი სკოლა. 1979 საქართვ. რადიოსა და ტელევიზიის ტელეფილმების სტუდიამ „ლილეს“ შესახებ გადაიღო ფილმ-კონცერტი.

ლიტ.: გუნავა გ., ჩემი ღირსეული ლენტეხელი თანამებრძოლები, თბ., 2019; კვიჟინაძე მ., ქართული სიმღერის მოამაგეები, ჯოკია მეშველიანი, „თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშ. ცენტრის ბიულეტენი,“ 2016, №2).  

თ. დოლიძე