მეჩაიეობა, მემცენარეობის დარგი, რომელიც შეისწავლის ჩაის ბუჩქის თვისებებს, ზრდის პირობებს, უხვი და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების ხერხებს და სხვ.
ჩაის სამშობლო ჩინეთია. იგი სხვადასხვა დროს ფართოდ გავრცელდა, ძირითადად აზიის ქვეყნებში. საქართველოში ჩაი პირველად 1847 შემოიტანეს სოხუმის ბოტან. ბაღში, საიდანაც გადაიტანეს ოზურგეთის საცდელ სადგურში. უფრო გვიან ჩაის ბუჩქები დარგეს ზუგდიდში, დ. დადიანის ბაღში და ოზურგეთის მაზრის სოფ. გორა-ბერეჟოულში, მ. ერისთავის მამულში, რ-მაც პირველად მიიღო ჩაის მზა პროდუქცია. ჩაის გავრცელებაში დიდი წვლილი მიუძღვის ე. ნაკაშიძეს, რ-მაც ოზურგეთის მაზრის სოფ. ზენობანში გააშენა ჩაის პლანტაცია. მისივე ინიციატივით დაიწყეს ჩაის ბუჩქის გაშენება გურიის სხვა სოფლებშიც. საბჭ. ხელისუფლების დამყარებამდე ჩაის პლანტაციების ფართ. 1000 ჰა აღწევდა. 1925 დაარსდა საზ-ბა „საქართველოს ჩაი“, რ-საც ევალებოდა ჩაის პლანტაციების გასაშენებლად გლეხობისათვის სესხისა და თესლის მიცემა, აგრომომსახურების ორგანიზაცია, ჩაის ფ-კების აშენება, ნედლეულისა და მზა ნაწარმის ხარისხის ამაღლება, სამეცნ.-კვლ. მუშაობის გაშლა და სხვ. მ-ის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები აღმოჩნდა კოლხეთის დაბლობზე დაშრობილი მიწის მასივებზე. სსრკ-ში საქართველო ჩაის ძირითადი მწარმოებელი გახდა. ჩაის ძირითადად აწარმოებდნენ აფხაზეთისა და აჭარის ასსრ-ებში, გურიისა და იმერეთის რ-ნებში. სახელგანთქმული ქართვ. მეჩაიეები იყვნენ: თ. ყუფუნია, ქ. სარსანია, დ. ტაკიძე და სხვ., რ-ებსაც მიანიჭეს სოციალ. შრომის გმირის საპატიო წოდება.
გორაბერეჟოულსა (1924) და მწვანე კონცხზე (1925) დაარსდა სას.-სამ. ტექნიკუმი. 1930 ანასეულში შეიქმნა ჩაისა და სუბტროპ. კულტურების საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, სოხუმში – საქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტი. 1952 დაარსდა ჩაის მრეწვ. საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი (ანასეული). მ-ის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს მ. დარასელიამ, ტ. კვარაცხელიამ, ე. ხაფავამ, ს. ფირცხალაიშვილმა, შ. ზალდასტანიშვილმა, დ. გედევანიშვილმა, შ. გიგიბერიამ, მ. ბზიავამ, მ. დოლაბერიძემ და სხვ. ქართვ. მეცნიერთა გამოკვლევების შედეგად წარმოებაში დაინერგა ჩაის პლანტაციების გაშენებისა და მოვლის, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის, ჩაის ბუჩქის გასხვლისა და ფოთლის კრეფის, სელექცია-მეთესლეობისა და წარმოების ორგანიზაციის მოწინავე მეთოდები. საქართველოში პირველად გამოიყვანეს ჩაის სელექციური ჯიშები, აგრეთვე ჩაის უხვმოსავლიანი ჯიში კოლხეთი. ამ საქმის პიონერი იყო ქ. ბახტაძე. მსოფლიოში პირველად საქართველოში შეიქმნა თვითმავალი ჩაის საკრეფი მანქანა „საქართველო“ და სხვ.
მ-ის საკითხები შუქდებოდა ჟურნ. „სუბტროპიკულ კულტურებში“.
XX ს. I ნახ-ში საქართვ. სუბტროპ. ზონებში შეიქმნა ჩაის მეურნეობა შესაბამისი გადამამუშავებელი საწარმოებით, რ-ებიც წარმოების მოცულობითა და მატერ.-ტექნ. ბაზით ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდნენ. გასული საუკუნის 8)-იან წლებში დარგზე მოდიოდა საქართვ. სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის 18%-ზე და მიღებული მოგების 4)%-ზე მეტი. 1985 მოიკრიფა 500 ათასი ტ ნედლეული და გამომუშავდა 125 ათასი ტ ჩაის მზა პროდუქცია, იმავე წელს შეიქმნა ქობულეთის ჩაის ფ-კა (გადამამუშავებელი საწარმო). მის ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს „აგროფირმა ქობულეთი“, რ-იც აწარმოებს ჩაი „სამაიას“. XX ს. 9)-იანი წლებიდან ქვეყანაში შექმნილი ეკონ. და პოლიტ. დაძაბულობის ფონზე ჩაის წარმოება მკვეთრად შემცირდა.
1996 საქართველოში დაფუძნდა ჩაის მწარმოებელი კომპანია შპს „გეოპლანტი“, რ-იც ფლობს ჩაის პლანტაციებს დას. საქართველოს 3 რეგიონში (გურია, სამეგრელო, იმერეთი). 2010 კომპანიამ შექმნა გემური და არომატული თვისებებით გამორჩეული ექსკლუზიური დიზაინისა და სახასიათო ლოგოტიპით ბრენდირებული საექსპორტო პოტენციალის მქონე უმაღლესი ხარისხის ჩაის ახ. ქართ. ბრენდები – „გურიელი ექსპორტი“ და „რჩეული“. კომპანია შავ და მწვანე ჩაისთან ერთად აწარმოებს აგრეთვე ბერგამოტის, ჟასმინის, ტყის კენკრის, ლიმონის, პიტნის და სხვ. ნატურალური არომატის მქონე ჩაის 2020 საქართველოში აწარმოეს 2,4 ათ. ტ, 2023 – 2,3 ათ. ტ ჩაის ფოთოლი. სას.-სამ. აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოში ჩაის პლანტაციის ფართობი იყო 4611 ჰა, აქედან მოსავლის მომცემი – 833 ჰა.
2011-იდან საქართვ. აგრ. უნ-ტის შემადგენლობაში შევიდა ანასეულის სუბტროპ. კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინ-ტი; ქუთაისში ფუნქციონირებს ჩაის, სუბტროპ. კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინ-ტი. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ცენტრში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფია ჩაისა და სუბტროპ. კულტურების კვლევის სამსახური, რ-იც ხელს უწყობს ქვეყანაში მ–ის განვითარებას.
თბილისში ჩაის აწარმოებენ შემდეგი შპს-ები: „მილმართი“, „სამე“, „გეოპლანტი“, „ბითაძე“, „მთის ჩაი“ და სხვ., ასევე კოოპერატივები: „ნაგომარი ჩაის სახლი“, „კონა“ და სხვ.
ოზურგეთის მუნიციპ-ში ფუნქციონირებს ანასეულის ექსპერ. ჩაის ფ-კა, „გრინვოლდი“, „ნატურა თი“, „ნაგომარი“ და სხვ., ასევე ინდ. მეწარმე – კომპანია „დავით თენეიშვილი“, ლანჩხუთის მუნიციპ-ში – შპს „არომატი“. მარტვილის მუნიციპ-ში – შპს „ჯი ჯი ჯი“ და შპს მეგრული ჩაი, წალენჯიხის მუნიციპ-ში – შპს „ლაზი“, წყალტუბოს მუნიციპ-ში – შპს „თერნალი“, ხონის მუნიციპ-ში – კომპანია „თამარის ჩაი“, ტყიბულის მუნიციპ-ში შპს „ბუეთეა“.
2024 ჩატარდა ჩაის ნარგაობის პასპორტიზაცია ჯიშური შემადგენლობის, ასაკობრივი მდგომარეობისა და მისი ვარგისიანობის დადგენის მიზნით.
ლიტ.: სოფლის მეურნეობა, თბ., 2013. ფირცხალაიშვილი ს., ჩაის პლანტაციის ექსპლუატაციის მეცნიერული საფუძვლები, თბ., 1976.
ი. ლეკვეიშვილი
რ. ჯაბნიძე
თ. რევიშვილი