ინდექსი ადამიანის განვითარებისა

ინდექსი ადამიანის განვითარებისა (ინგლ. Human Development Index – HDI), ცხოვრების დონის, განათლებისა და სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობის საერთაშორისო შედარებისათვის გამოყენებული ინტეგრალური მაჩვენებელი (2013-მდე – ცალკეული ქვეყნებისათვის ადამიანის პოტენციალის განვითარების ი.). იგი გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნისა და ტერიტორიის (რეგიონის) შედარებისათვის. ეს ი. შეიმუშავა 1980 პაკისტანელმა ეკონომისტმა მაჰბუბ ელ ჰაქმა. გაეროს განვითარების პროგრამა 1990 წ. „ადამიანის განვითარების ანგარიშში“ იყენებს ამ ი-ს. ადამიანის განვითარების ი-ის გასაანგარიშებლად გამოიყენება სამი სახის ი. (რ-ის დროსაც ხდება შესაბამისი ქვეყნის ფაქტობრივი მაჩვენებლის შედარება აღნიშნული ინდიკატორის მიხედვით მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნის მაჩვენებელთან): 1. დაბადებულთა სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა; 2. ქვეყნის მოსახლეობის განათლების დონე (განათლებაზე დახარჯული წლების რაოდენობა და სწავლების მოსალოდნელი ხანგრძლივობა); 3. ცხოვრების დონე, რ-იც ფასდება მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული ერთობლივი ეროვნ. შემოსავლით მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის შესაბამისად (აშშ დოლარი).
ამ მაჩვენებელთა გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულებით:

  1. I1 (Life Expectancy Index – LEI) = [LE–20]/[85–20], რ-ის მნიშვნელობებად მიჩნეულია LE – დაბადებულთა სიცოცხლის მოსალოდნელი საშ. ხანგრძლივობა ქვეყანაში (მინიმუმი – 20 წელი, მაქსიმუმი – 85 წელი);
  2. I2(Education Index – EI) = (MYSI+EYSI)/2, სადაც MYSI არის 25 წლისა და უფროსი ასაკის პირთა მიერ სასკოლო სწავლებაზე დახარჯულ წელთა ი., უდრის MYSI /15,0; EYSI – 5 წლისა და უფროსი ასაკის პირთა მიერ სიცოცხლის განმავლობაში დაწყებით, საშ. და უმაღლეს განათლებაზე დახარჯულ წელთა ი., უდრის EYSI/18,0;
  3. I3 – შემოსავლის ი. (Income Index – II) – მთლიანი ეროვნ. პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით; გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით: I3 (II) = [In(GNIpc) – In(100)]/[In(75000) – In(100)].

გაეროს ექსპერტების მიერ მთლიანი ეროვნ. პროდუქციის მიმართ თვეში მინიმალურ მნიშვნელობად მიჩნეულია 100 $.

ადამიანის განვითარების ი. მოცემული სამი მაჩვენებლის ი-თა საშ. გეომეტრიულის ტოლია:

HDI= .

2010-იდან ადამიანის განვითარების ი-ის გასაანგარიშებელ ინდიკატორთა წრე გაფართოვდა სამი ახ. ინდიკატორით: სოც.-ეკონ. უთანაბრობით კორექტირებული ადამიანის განვითარების ი., გენდერული უთანაბრობის ი. და მრავალზომიანი სიღარიბის ი.

საქართველოს შესახებ ადამიანის განვითარების ი-ს გაეროს განვითარების პროგრამა 1996-იდან აქვეყნებს. გაეროს კლასიფიკაციით, ადამიანის განვითარების ი-ის მიხედვით ქვეყნები ოთხ ჯგუფად იყოფა: ძალიან მაღალი (49 ქვეყანა), მაღალი (56 ქვეყანა), საშუალო (39 ქვეყანა), დაბალი (44 ქვეყანა). 2015 წლის მდგომარეობით, საქართველო (188 ქვეყნიდან 70-ე ადგილი უკავია, ადამიანის განვითარების ი. არის – 0,769; საშუალოდ ადამიანის განვითარების ი. მსოფლიოში კი – 0,711) მიეკუთვნება ადამიანის განვითარების მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნების საშ. დონეს. ამ ი-ის მიხედვით პირველ ადგილზეა ნორვეგია (2015 წ. – 0,949).

ლიტ.: არჩვაძე ი., ზოგიერთი სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორის მიხედვით საქართველოს ადგილი მსოფლიოში, «საქართველოს ეკონომიკა», 2007, №2; ასათიანი რ., ადამიანის განვითარების ინდექსი, წგ.: თანამედროვე ეკონომიკის მცირე ენციკლოპედია, თბ., 2014; Human Development Report, N.Y., 2014.                       

ი. არჩვაძე