თამაზ I, შაჰ-თამაზი (3. III. 1513, სოფ. შაჰაბადი, ისპაანის ახლოს, – 14. V. 1576, ყაზვინი), ირანის შაჰი (1524–76). სეფიანთა დინასტიის წარმომადგენელი, ისმაილ I-ის ვაჟი. ტახტზე ავიდა 10 წლისა, როდესაც სახელმწიფოს ფაქტობრივად განაგებდნენ ყიზილბაშურ ტომთა ბელადები. შემდეგში თ. I შეებრძოლა მათ და განამტკიცა ცენტრ. ხელისუფლება. მის დროს მიმდინარეობდა ირან-ოსმალეთის ე. წ. პირველი ომი (1514–55) ამიერკავკასიისა და სხვა მოსაზღვრე ქვეყნების დასაკუთრებისათვის. მან ჩრდ. აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტ. ერთეულები შირვანი (1538) და შაქი (1551) სეფიანთა სახელმწიფოს შეუერთა. თ. I-მა ოთხჯერ ილაშქრა საქართველოში (1541, 1547, 1551 და 1554). მესამე ლაშქრობის დროს შაჰი პირადად ესწრებოდა ყიზილბაშების მიერ ვარძიის ქვაბთა ქალაქისა და ეკლესიის აოხრება-გაძარცვას (იხ. თამაზ I-ის ლაშქრობანი საქართველოში). საინტერესოა თ. I-ისა და ოსმ. ელჩების საუბრის ჩანაწერები (იხ. "თეზქერე" შაჰ-თამაზ I-ისა).
ლიტ.: იხ. სტატიასთან "თეზქერე" შაჰ-თამაზ I-ისა.
კ. ტაბატაძე