თარხან-მოურავი იოსებ დავითის ძე

თარხან-მოურავი იოსებ დავითის ძე (5. V. 1819, სოფ. ახალქალაქი,  ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 26. III. 1878, თბილისი), რუსეთის  იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1863), 1837 დაამთავრა სათავადაზნაურო პოლკის კურსები და სამხ.  სამსახური დაიწყო კავკასიაში, ყირიმის ომის (1853–56) დროს, კავკასიის ფრონტზე ქურუქ-დარის ბრძოლაში მეთაურობდა ერევნის კარაბინერთა მე-3 ათასეულს. 1855-იდან იყო ქართ. გრენადერთა პოლკის მეთაური. 1859 მიიღო გენ.-მ-ის წოდება, დაინიშნა სამხრ. დაღესტნის ჯარების სარდლად და ყაზიყუმუხის ოკრუგის მმართველად. იმავე წელს აქტიურად მონაწილეობდა  აულ ღუნიბის აღებასა და შამილის დატყვევებაში. 1863-იდან იყო 39-ე ქვეითი დივიზიის მეთაური, 1869-იდან – კავკასიის გრენადერთა დივიზიის მეთაური. 1871 მიიღო გენ.-ადიუტანტის წოდება.

დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხისა და თეთრი არწივის ორდენებით.

მ. გოგიტიძე