თასი

თასი, 1. ოქროს, ვერცხლის ან სხვა ლითონის პირგაშლილი სასმისი. ქართ. წერილობით წყაროებში X ს-იდან გვხდება. ფეოდ. საქართველოში მეფე-დიდებულთა და თავად-აზნაურთა ნადიმებზე ღვინის სმა უმთავრესად ოქროს ან ვერცხლის სასმისებით იყო მიღებული. საყურადღებოა, რომ აღმ. საქართველოს მთიელებში საქორწილო ლხინში სადღეგრძელოს გადალოცვის უფლებას „თასი“ ერქვა. არქეოლ. გათხრების შედეგად საქართვ. ტერიტორიაზე მრავალი . არის აღმოჩენილი: თრიალეთის გორასამარხში – ერთი ძვირფასი თვლებით მოჭედილი ოქროს ., მეორე – ვერცხლისა, რ-ზეც რიტუალური სცენაა გამოსახული; მესხეთში – ძვირფასი ქვებით მოჭედილი, ყურძნის მტევნებისა და ვაზის ფოთლების გამოსახულებით შემკული ვერცხლის . და სხვ.;

2. ყოფა-ცხოვრებაში გამოსაყენებელი ხის, თიხის და სხვ. ლითონის ჯამის ფორმის საოჯახო ჭურჭელი;

3. ძვირფასი ლითონის, ბროლის ან ფაიფურის დეკორ. ჭურჭელი გამარჯვებულ სპორტსმენთა და ხელოვანთა დასაჯილდოებლად.

ლიტ.: ლეკიაშვილი ა., შენ ხარ ვენახი, თბ., 1972; ფრუიძე ლ., მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, წგ. 1, თბ., 1974; ჯავახიშვილი  ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 5, თბ., 1982.              

ლ. ფრუიძე