თაფანი, ნასოფლარი ისტორიულ ქვემო ქართლში, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობდა ვაკეზე, ქარაფის პირას. ნასახლარებზე შემორჩენილია დიდი ქვები და სქელი კედლები. არის მშრალად ნაწყობი და კირხსნარზე ნაგები შენობათა ნაშთებიც. ერთი სადგომის ფართობი დაახლ. 20 მ ´ 4 მ-ია, აქვე ჩანს ზღუდის ნანგრევი. ეკლესია აღარაა.
1523, ბარათაშვილების გაყრისას, გერმანოზსა და მის ძმებს ერგოთ სოფ. თ-ში მცხოვრები აზნაურები, ერთწილად: წატურაშვილი, აბირმურაშვილი, ფარსადინა, ამილბარა და ნადირა, ქუაბულაშვილი, მიხითარაშვილი, იღამაშვილი, ხოშნადირაშვილი, აკოფაშვილი, გოზალიშვილი და ტალია; 1543 მოსახლე იარალაშვილი, თავისი მამულით შედიოდა საგერმანოზიშვილოში, მაგრამ იმავე წელს იარალაშვილი უკვე ფარიშატ ბარათაშვილს ერგო; 1684 ბარათა ბარათაშვილმა ვახტანგ ორბელიშვილს მიჰყიდა მამული თ-ში; იქ დასახელებულია: ქციის ფონი, წისქვილი, საწყლისპირო, ვენახები, სახლ-კარი მარნითა და ეზოთი, გზა, მოსახლენი: ბალასაშვილი, ოსმანაშვილი, ოქრიასშვილი, მირზუკაშვილი; 1704 ერთი საბუთიდან ჩანს, რომ თ. მუგუთის მეზობელი სოფელი ყოფილა: 1729 პაატა გერმანოზისშვილმა მანუჩარ ციციშვილს მიჰყიდა თ-ს ერთი საკომლო ტაველაშვილის მამული. აქ ჩამოთვლილია: სახნავი, ვენახი, სარწყავი და ურწყავი, ნიგვზნარი, ხილნარი, რუ, სახლი ქვევრ-მარნითა და საწნახლით, საწყლისპირო, საფიჩხული, საოჩხი, საკუდმოზვრო, საოსარო, საორაგულო და სხვა; 1746 საამ საამიშვილმა დიმიტრი ორბელიშვილს მიჰყიდა თ-ში მისი წილი ყმა-მამული: ფუჭიშვილი ივანე, სეფისშვილის მამული, სადებაშვილის მამული, პაპუასა და ველუას მამული, ციხიას მიწებითა. ეს უკანასკნელი რომ ციხეს გულისხმობს თ-ში, ჩანს პაპუნა ორბელიანის მონათხრობიდან, რ-იც 1747 წ. ეხება: „შეიქმნა მეფეს ერეკლესა და აბდულ-ბეგს შუა მტრობა და ომი..., გაუსივა ჯარი სამშვილდით ლეკისა და საბარათაშვილოსი, შემოაყენა თაფანის ციხესა, იყო სროლა ორი დღე და ვერა ავნეს რა... მოეშველა დიმიტრი ორბელიანი ქალაქიდამ... შემოუტიეს, გააქციეს და სამშვილდემდის ცემით მიყვნენ“. დემეტრე ორბელიშვილს ეშიკაღასბაშს თ. აუშენებია და დაუსახლებია, მერე კი სოფელი ისევ მოშლილა.
ლიტ.: დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, I, ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1940; დოლიძე ი., ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 5, თბ., 1974; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, თბ., 1964; ორბელიანი პ., ამბავი ქართლისანი, ელ. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981; საქართველოს სიძველენი ტ. 2, ექვთ. თაყაიშვილის გამოც., ტფ., 1909.
დ. ბერძენიშვილი