თაფლოვანი მცენარეები, ფარულთესლოვანი მცენარეების დიდი ჯგუფი, რ-თა ყვავილებისაგან ფუტკრები ნექტარსა და ყვავილის მტვერს აგროვებენ და ამუშავებენ – ნექტარს აქცევენ თაფლად, მტვერს – ჭეოდ. ნექტარს მცენარე აგროვებს სპეც. ჯირკვლებში – სანექტრეებში, რ-ებიც ყვავილის ნასკვსა და მტვრიანების ძირშია მოთავსებული და სხვადასხვა ფორმა აქვს.
საქართველოში 600-მდე თაფლოვანი მცენარეა. მათგან პრაქტ. მნიშვნელობა აქვს 50-მდე სახეობას. ისინი გავრცელებულია როგორც დაბლობისა და მთის ტყეებში, ისე სუბალპ. და ალპ. მდელოებზე. თ.მ-ის სახეობრივი შემადგენლობა და ყვავილობის ვადები სხვადასხვაა. არის ისეთი თ.მ-ც, რ-თაგან მიღებული თაფლი არათუ „ათრობს“ ადამიანს, არამედ წამლავს კიდეც (მაჯაღვერი, მელიქაური, იელი, თამბაქო), თაფლოვანი ხემცენარეებიდან საუკეთესოდ ითვლება ცაცხვი (Tilia begonifolia, იზრდება მთელ საქართველოში, მთის შუა სარტყლამდე, ტყეებში, ტყის პირებსა და მდინარეთა ხეობებში), წვრილფოთოლა ცაცხვი (T. cordata, გვხვდება მთიულეთსა და თუშ-ფშავ-ხევსურეთში, უპირატესად მთის ზედა სარტყლის ტყეებში), ცრუ აკაცია (Robinia pseudoacacia, ფართოდ არის კულტივირებული საქართვ. თითქმის ყველა რ-ნში, ზოგჯერ გაველურებულიცაა), ქაცვი (Hippophae rhamnoides, უმთავრესად აღმ. საქართველოში იზრდება, ქმნის გაუვალ რაყას მდინარეთა ხეობებში). ბალახებიდან საუკეთესო თაფლოვანი მცენარეებია: ესპარცეტის სახეობები, მაგ. კახური ესპარცეტი (Onobrychis kachetica), რ-იც ქართლისა და კახეთის დაბლობ ადგილებში იზრდება; მესხური ესპარცეტი (O. meschetica) კი მხოლოდ ახალციხის ქვაბულსა (მესხეთი) და მდ. აჭარიწყლის ხეობაში (ხულოს მიდამოები) გვხვდება; სამყურას ზოგიერთი მრავალწლოვანი სახეობა, მაგ., ბანჯგვლიანი სამყურა (Trifolium trichocephalum), ჭაღარა სამყურა (T. canescens), ალპური სამყურა (T. alpestre), წითელი სამყურა (T. pratense) და სხვ., ყველა ეს სახეობა გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში; პირველი ორი სახეობა ძირითადად მაღალმთის ტენიანი მდელოების კომპონენტებია; სამკურნალო ძიძო (Melilotus officinalis) იზრდება მთელ საქართველოში მთის ქვედა სარტყლიდან მოკიდებული ზედა სარტყლამდე. ხუთყურას ერთი სახეობა (Dorycnium graecum) უფრო დას. საქართველოში, კირქვიანებზე არის გავრცელებული.
ლ. ხინთიბიძე