თაღარი, 1. მონღოლთა მიერ შემოღებული ნატურალური გადასახადი, რ-საც ომის დროს კრეფდნენ ლაშქრის სურსათით მომარაგების მიზნით იმ ოლქის მოსახლეობაში, სადაც ლაშქარი იდგა. თ-ის ოდენობა დადგენილი არ იყო.ის სხვადასხვა გამოსაღებისაგან შედგებოდა, დამოკიდებული იყო სახელმწიფოსა და ცალკეულ ფეოდალთა მოთხოვნილებაზე და ყველგან ერთნაირი მოცულობით არ იკრიფებოდა. კირაკოს განძაკეცის ცნობით, ჰულაგუ-ხანმა დაპყრობილ ქვეყნებში საგადასახადო დავთრებში შეტანილ ყოველ მამაკაცს თ-ის სახით შეაწერა 100 ლიტრა ხორბალი, 50 ლიტრა ღვინო, ორი ლიტრა ბრინჯი, სამი თოფრაკი, ორი თოკი, თითო თეთრი, ისარი და ნალი, ოც სულ საქონელზე ერთი სული და 20 თეთრი. ზოგჯერ თ-ს რამდენიმე წლით ადრე წინასწარ იღებდნენ, რაც მძიმე ტვირთად აწვებოდა გადასახადის გადამხდელთ.
2. მარცვლეულის საწყაო ჭურჭელი ირანსა (XIII ს-იდან) და საქართველოში (XVIII–XIX სს.). ირანში თ. 100 თავრიზულ მანს (83,2 კგ) შეადგენდა, საქართველოში კი – 30 ლიტრას (დაახლ. 90–100 კგ).
3. მოზრდილი, პირგაშლილი თიხის ჭურჭელი. ხმარობენ ყურძნის დაწურვის დროს. საწნახლიდან ტკბილი თავდაპირველად თ-ში გადის დასაწმენდად, შემდეგ ქვევრებში ასხამენ. ძირითადად გვხვდება აღმ. საქართველოში. კახეთში მილიანი თ-ც ყოფილა, საიდანაც ტკბილი ღარით ქვევრებში ჩადიოდა. ბოლო დრომდე ორგვარი თ. იხმარებოდა: ქუსლიან თ-ს შუაზე გადაჭრილი ქვევრის ფორმა აქვს და თითქმის ნახევრად მიწაშია ჩაფლული, ბრტყელძირა კი – მიწის ზემოთ იდგმება. ქართლში თ. ეწოდებოდა მიწაში ქვითკირით ნაშენ ტკბილის ჭურჭელსაც და საწნახლის წინ ჩაფლულ სატკბილე ქვევრსაც. თ-ს ხმარობდნენ სხვა დანიშნულებითაც: სამღებრო საქმეში – საღებავების შესაზავებლად, დაბაღები – ტყავის დასალბობად, მეჭურჭლეები – წერნაქისა და ქაშანურის დასაყენებლად. ვაზის სოკოვანი დაავადების გავრცელების შემდეგ თ. შაბიამნის დასაყენებელ ჭურჭლად გამოიყენეს. თანამედროვე ყოფაში იშვიათად გვხვდება.
წყარო: ჯუვეინის ცნობები საქართველოს შესახებ, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1974.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 3, ნაკვ. 3 – ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, ტფ., 1925; ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.), თბ., 1973.
რ. კიკნაძე
ლ. ფრუიძე
ვ. ჯაფარიძე