თაყაიშვილი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე

თაყაიშვილი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (29. IX. 1895, დაბა აღბულაღი, ახლანდ. ქ. თეთრი წყარო, – 30. IX. 1958, თბილისი), რეჟისორი და მსახიობი. თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის ორგანიზატორი და ფუძემდებელი. საქართვ. სახ. არტისტი (1941). თბილ. I გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა კიევისა და მოსკ. უნ-ტების იურიდ. ფაკ-ტებზე, შემდეგ – თბილ. რუს. დრამის თეატრის სტუდიაში. 1928–45 მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 1945–56 იყო თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრის მთ. რეჟისორი. თ-მა მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში დადგა სპექტაკლები: ნ. საცის „ფრიც ბაუერი“, ს. ზაიაცკის „რობინ ჰუდი“, ს. მთვარაძის „სურამის ციხე“, ე. შვარცის „წითელქუდა“, ა. წერეთლის „პატარა კახი“, მოლიერის „სკაპენის ოინები“, უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ და სხვ.; ა. გრიბოედოვის თეატრში – ნ. გოგოლის „რევიზორი“, ა. კორნეიჩუკის „ძახველის ჭალა“, ა. შტეინის „პერსონალური საქმე“, მ. გორკის „ვასა ჟელეზნოვა“, ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ და სხვ.; კ. მარჯანიშვილის თეატრში – ნ. გოგოლის „რევიზორი“. მისი სპექტაკლები გამოირჩეოდა ორიგინალობით, მხატვრული სიმართლით, დახვეწილი გემოვნებით. თ-ს 1926-იდან იღებდნენ კინოში. მისი ეკრანული გმირებიდან აღსანიშნავია: ექიმი ვერნერი („თავადის ასული მერი“, 1926), კაზბიჩი („ბელა“, 1927), ოვანესა („გიული“, 1927), ბიუროკრატი („ჩემი ბებია“, 1929), ალი („ჰასანი“, 1938), მოსამართლე („მაგდანას ლურჯა“, 1955) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ლიტ.: კევლიშვილი ნ., ალექსანდრე თაყაიშვილი, თბ., 1970.

შ. ცუცქირიძე