თაჯნისი, ჯინასი, ომონიმური რითმის აღმნიშვნელი ტერმინი არაბულ-სპარსულ პოეტიკაში. თ-ის ცნება უფრო ფართოა, ვიდრე ომონიმური რითმისა, იგი სიტყვათა გარკვეული თამაშის გაგებასაც მოიცავს. განასხვავებენ თ-ის 7 ნაირსახეობას: სრული (დაწერილობით და გამოთქმით იდენტური), ნაკლული (დაწერილობით იდენტური, გამოთქმით განსხვავებული), ნამატი (ერთ სიტყვას ასო აქვს დამატებული), შედგენილი (ერთ სიტყვას ეწყობა ორი ან მეტი სიტყვა), განმეორებული ან დაწყვილებული (ომონიმური რითმები ერთიმეორის გვერდით არის წარმოდგენილი ან ერთი სიტყვის დაბოლოება ემთხვევა მომდევნო სიტყვას), ცალმხრივი (სიტყვათა ყოველი ასო ემთხვევა, გარდა უკანასკნელისა) და მოხაზულობის (სიტყვის შემადგენელ ასოთა მოხაზულობა იდენტურია და განსხვავებას ქმნის მხოლოდ ასოების წერტილთა განლაგება).
ეს პოეტიკური ტერმინი გვხვდება ქართ. პოეზიაშიც (თ.–თეჯლისი), ოღონდ, სპარსულისაგან განსხვავებით, აქ იგი უფრო სალექსო ფორმის აღმნიშვნელია (ბესიკი, ა. ჭავჭავაძე). პირველი სტროფი ჯვარედინი რითმებით არის შეკრული, ხოლო შემდეგი – სამჯერადით, ამასთან, ყოველი სტროფის ბოლო სტრიქონის სარითმო ერთეულად ომონიმია შერჩეული.
ლიტ.: კობიძე დ., ქართული და სპარსული პოეტიკის ისტორიიდან, მის წგ.: ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, [ტ.]2, თბ., 1969.
ვ. კოტეტიშვილი