„თბილგვირაბმშენი“

„თბილგვირაბმშენი“ (შპს), სამშენებლო ორგანიზაცია. მეტრომშენებელთა მძლავრი სამმართველო „თბილმეტრომშენი“ შეიქმნა თბილისში 1951 მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით. 1959 ეწოდა თბილ. საგვირაბო მშენებლობის სამმართველო – „თბილგვირაბმშენი“, 1991-იდან – თბილ. მეტროპოლიტენის სამშ. ფირმა „თბილმეტრომშენი“, რ-იც 1995 სახაზინო  საწარმოდ გადაკეთდა, ხოლო 1999  ჩამოყალიბდა როგორც შპს, რ-ის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. 2009-იდან დაუბრუნდა ძვ. სახელი შპს „თ.“ „თ-ს“ აქვს მძლავრი ინდუსტრიული და დამხმარე მეურნეობის ბაზა, რ-შიც შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: მატერ.-ტექ. მომარაგების ბაზა თავისი ინფრასტრუქტურით (რკინიგზის ჩიხი და სასაწყობო შენობა-ნაგებობები), მექანიზაციისა და ავტოსატრანსპორტო უბანი, მიწისზედა და მიწისქვეშა სამშ. უბანი, რ-ებიც ასრულებენ როგორც სპეციფ. მიწისქვეშა, ისე საერთო სამშ. და სამონტაჟო სამუშაოებს. „თ-მა“ ააშენა თბილისის მეტროპოლიტენის 55,6 კმ სიგრძის ორი ხაზი თავისი 22 სადგურით. მეტროპოლიტენის პირველი ხაზის 6 სადგურის მშენებლობა დამთავრდა 1966 წ. 11 იანვარს – გაიხსნა სადგურები: „დიდუბე“, „ელექტროდეპო“, „ოქტომბერი“, „ვაგზლის მოედანი-1“, „კ. მარჯანიშვილის მოედანი“ და „რუსთაველის მოედანი“. 1967 მეტრომშენებლებმა ჩააბარეს კიდევ 3 სადგური: „ლენინის მოედანი“, „26 კომისარი“ და „300 არაგველი“, 1971 – 2 სადგური: „ისანი“ და „სამგორი“; 1979 – 5 სადგური: „ვაგზლის მოედანი-2“, „წერეთლის გამზირი“, „პოლიტექნიკური ინსტიტუტი“, „კომკავშირელი“ და „დელისი“. 1985 გაიხსნა 3 სადგური: „ღრმაღელე“, „თემქა“, „ვარკეთილი“, 1989 – ორი სადგური: „გურამიშვილი“ და „ახმეტელის თეატრი“. 2000 მარტში გაიხსნა სადგური „ვაჟა-ფშაველა“. შენდება სადგური „უნივერსიტეტი“ (სიგრძე 2,4 კმ).

„თ-მა“ თავისი საქმიანობის პერიოდში ააგო აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების სტრატეგიული და რთული საინჟ. ნაგებობები როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ: 10,2 კმ სიგრძის 28 სარკინიგზო გვირაბი, აქედან ზესტაფონი–ჭიათურის რკინიგზის ხაზზე – 24 გვირაბი (7 კმ), მცხეთის (1,02 კმ), შორაპნის (1,71 კმ), მწვანე კონცხის (0,11 კმ) და ორდუბადის (სომხეთი, 0,37 კმ) გვირაბები; ასევე ავტოსაგზაო გვირაბები: რიკოთის (1,75 კმ) და როკის (3,74 კმ) უღელტეხილებზე; თბილისში – მეტეხის ორი გვირაბი (1,76 კმ), საქართვ. სამხ. გზაზე – 5 გვირაბი (1,2 კმ) და სხვ.; 8 ჰიდროტექ. გვირაბი (9,5 კმ), მ. შ.: მარტყოფის (0,8 კმ), ტირიფონის (1,74 კმ), ტაშისკარის (3,26 კმ), წებელდის (0,63 კმ), ლამისყანის (0,87 კმ), დებედის (2 კმ), ალგეთის (0,55 კმ), ნადარბაზევის (0,27 კმ) და სხვ.; ასევე მიწისქვეშა საცავის კომპლექსები – ღვინის (ყვარელი), ხილისა (სკრა) და ბოსტნეულის (ხელვაჩაური); განახორციელა უნიკალური მიწისქვეშა ნაგებობის – ახალი ათონის მღვიმის რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა, რისთვისაც 1977 „თ-ის“ მშენებელთა და მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფს (ვ. გოცირიძე, გ. ჯაყელი, გ. ციმინტია, ზ. ტატაშიძე, შ. ყიფიანი, ე. მამულია, ი. კოჟუხოვი, რ. რიჟინაშვილი და სხვ.) სსრკ სახელმწ. პრემია მიენიჭა. „თ-მა“ მაღალმთიან უღელტეხილზე  (ცხრაწყარო) ააგო (ზ. დ. 2454 მ) კოსმოსური სხივების ლაბორატორია, სადაც დამონტაჟდა მსოფლიოში უმძიმესი მაგნიტი (1100 ტ); ააშენა მეფრინველეობის ფ-კა სოფ. მეჯვრისხევში (ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი), მეცხოველეობის ფერმები ალვანსა და წითელწყაროში (ახლანდ. დედოფლისწყარო), თბილ. მტკვრის სანაპიროს საყრდენი კედლები, საცხოვრ. და სოც.-კულტ. დანიშნულების ობიექტები, მოქმედ სარკინიგზო და საავტ. გზებზე ზვავსაწინააღმდეგო და სხვა დამცავი საინჟ. ნაგებობები, სტრატეგიული დანიშნულების სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები და სხვ.

„თ.“ მონაწილეობდა აგრეთვე სხვა ქვეყნების ობიექტების დაპროექტებასა და მშენებლობაში: ქ. სამსუნის (თურქეთი) მეტროპოლიტენის წინასაპროექტო დოკუმენტაციის შედგენაში; მოსკ., ეკატერინბურგის, ბაქოსა და ერევნის მეტროპოლიტენის ობიექტების მშენებლობაში; მოსკოვში მანეჟის მოედანზე მიწისქვეშა სავაჭრო კომპლექსის მიერთების განხორციელებაში მეტროპოლიტენის მოქმედ ხაზთან. 1999–2000 „თ-მა“ მონაწილეობა მიიღო ყულევში 340000 ტ მოცულობის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საზღვაო ტერმინალის მშენებლობაში.

მეტროპოლიტენისა და სხვა ობიექტების მშენებლობისას დაინერგა მრავალი ტექ. სიახლე: მექან. ფარით დაწნეხილი მონოლითური ბეტონის გვირაბის სამაგრი; მოძრავი ტროტუარი (პირველად საბჭ. კავშირში); მიწისქვეშა აგრესიულ და თერმულ წყლებთან  საბრძოლველად სულფატმედეგი ცემენტის ხსნარის ინიექცია; მთლიანსექციური გვირაბის სამაგრი; მექან. ფარით ბეტონის სამაგრის დაწნეხვა; გვირაბგამყვანი კომბაინი; ნაშხეფბეტონის დამტანი კომპლექსი; გრუნტების გაყინვისა და გრუნტის წყლების დონის ხელოვნურად დაწევის სპეც. მეთოდები; მეტროპოლიტენის მიწისქვეშა სადგურის მთლიანად გადახურვა რკინაბეტონის 21 მ მალიანი თაღით; სამეურნეო ანგარიშის მეთოდი – უბნის იჯარა (პირველად საბჭ. კავშირში); მშენებლობის ღირებულების გაანგარიშება კომპიუტერული ტექ. მეშვეობით (პირველად რესპუბლიკაში) და სხვ.

მეტრომშენებელთა პირველი ბირთვის წარმომადგენლები იყვნენ: გ. ბარაბაძე, ი. ბერიტაშვილი, ლ. ბექაია, ა. ბრეგვაძე, ვ. გოცირიძე, შ. დანელია, კ. კილაძე, ნ. კოშკაძე, კ. ლოლუა, ი. მაჭავარიანი, ო. მეხრიშვილი, გ. ნასიძე, შ. ნიჟარაძე, გ. რუხაძე, ბ. ფაჩულია, ი. ქედიშვილი, გ. ყიფიანი,  ა. ყურაშვილი, ვ. შენგელია, ნ. ჩაჩხიანი, ს. ჭურაძე და სხვ.

ლიტ.: გვენეტაძე რ., ნანიკაშვილი ლ., „თბილმეტრომშენი“ 50 წლისაა, თბ., 2001.        

კ. კილაძე