თბილისის დენდროლოგიური პარკი

თბილისის დენდროლოგიური პარკი, თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. 2006-მდე ეკუთვნოდა საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს. გაშენებულია თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე, 300 ჰა ფართობზე 1956–70 წლებში. პარკის გაშენების ინიციატორი იყო ი. ჩოდრიშვილი. აქ, მსოფლიო პარკმშენებლობის პრაქტიკაში პირველად, გამოიყენეს დიდ ფართობზე 15–20-წლიანი 1´1 -ზე მიწისგუნდიანი ხეები და ბუჩქები, რ-ებიც შემოიტანეს საქართვ. ყველა სატყეო მეურნეობიდან და კავკ. ბოტან. ბაღებიდან. პარკში მსოფლიოს ყველა გეოგრ. სარტყლის 700-ზე მეტი სახეობის მცენარეა, მ. შ. წიწვოვნებიდან: ჩვეულებრივი უთხოვარი, კავკასიური სოჭი, ორნაკვთიანი გინკგო, ატლასისა და ჰიმალაის კედარი, ბიჭვინთისა და ელდარის ფიჭვი, მარადმწვანე სეკვოია და გიგანტური სეკვოიადენდრონი, ზეთისხილის ხეები და სხვ.; ფოთოლმცვენებიდან: ქართ. მუხა და ქართ. ნეკერჩხალი, რცხილაფოთოლა ძელქვა, აღმოსავლური წიფელი, ხეტიტა (ლირიოდენდრონი), ქვამუხა და სხვ. პარკი მდიდარი იყო სამკურნალწამლო მცენარეებით. ფუნქციონირებდა სანერგე და სასათბურე მეურნეობა. ასრულებდა სამეცნ., სამეცნ.-სასწ. და კულტ.-საგანმან. ფუნქციას. პარკში, თბილ. ზღვის სანაპიროსთან, არსებობდა მეგობრობის ხეივანი, სადაც საპატიო სტუმრები, რ-თა შორის რამდენიმე კოსმონავტიც იყო, თავიანთი სახელობის ხის ნერგებს რგავდნენ.

90-იან წლებში პარკი გაჩანაგდა. თ. დ. პ-მა 2006 შეწყვიტა არსებობა, თბილ. ზღვის მიმდებარე ტერიტორია და თ. დ. პ. დაცული ტერიტორიების შემადგენლობიდან ამოიღეს. შესაბამისი ცვლილება „თბილისის ეროვნული პარკის“ შესახებ კანონში პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. მიღებული გადაწყვეტილებით, თბილ. ეროვნ. პარკის შემადგენლობაში აღარ იქნება თბილ. ზღვის სატყეო უბნის №1–6 კვარტალები (425,5 ჰა) და თ. დ. პ. (300 ჰა). ეს ტერიტორიები ეკონ. და მდგრადი განვითარების სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა. 2011 წ. დეკემბრიდან თ. დ. პ. გადაეცა თბილ. მერიას.  

გ. აბაშიძე