კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 50 სმ, მასა _ 2 კგ. ფერად რუხია, აქვს წვრილი შავი და წითური ზოლები და კოპლები. გავრცელებულია კავკასიონის მთავარ ქედსა და მის განშტოებებზე ზ. დ. 1800_4000 მ-ზე. მობინადრეა. კ. შ. ბუდეს იკეთებს მიწაზე — ქვებში ან კლდეებშუა. დებს 8_10 მორუხო-მონაცრისფრო კვერცხს. კრუხობს 3 კვირას. იკვებება მცენარის თესლით, კვირტებით, ყლორტებით, კენკრით, ტუბერებით, აგრეთვე მწერებით. ზამთარში ხშირად იკვებება ჯიხვების საბალახოზე (ჯიხვი ფლოქვებით აფხვიერებს თოვლს და უადვილებს შურთხს საკვების მოპოვებას, შურთხი კი უფრო ფრთხილია და ჯიხვებს საფრთხეს ატყობინებს).
რ. ჟორდანია