გაბაშვილი ეკატერინე რევაზის ასული

ე. გაბაშვილი

გაბაშვილი (ქალიშვილობის გვარი – თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული (16. VI. 1851, გორი, – 7. VIII. 1938, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის რ-ნი, დაკრძალულია თბილისში), მწერალი და საზოგადო მოღვაწე. 1868 დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში. სამწერლო ასპარეზზე 70-იანი წწ. დასაწყისში გამოვიდა. მისი მოღვაწეობა წარიმართა ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულების – თერგდალეულთა და ხალხოსნების გავლენით. -ის მწერლური სახის ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებით ძლიერი ზემოქმედება მოახდინა ი. ჭავჭავაძემ. გ-ის შემოქმედებაში იმთავითვე გამოიკვეთა წამყვანი თემა – ქართვ. გლეხის ცხოვრება კაპიტალიზმის განვითარებისა და სოფლის მოსახლეობის უმოწყალო ექსპლუატაციის პირობებში. მწერალი დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს ძველის რღვევისა და ახლის შექმნის ამ მძიმე ხანაში ქართ. საზ-ბის სხვადასხვა ფენის, სოც. ჯგუფის მდგომარეობას და ცდილობდა სრულად და მართლად აესახა ცხოვრება. ამასთან მის რეალისტურ თხზულებებში ძლიერია რომანტ. წერის მანერა. გ-ის პირველი ნაწარმოები – ესკიზი „გლეხკაცობის აზრი სასოფლო შკოლაზედ“ – დაიბეჭდა 1870 გაზ. „დროებაში“ (№ 1). აქედან მოყოლებული იგი ამხელდა სოფლის შეძლებული ფენების ძალმომრეობას, წარმოსახავდა გლეხობის უკიდურეს სიღატაკესა და ჩამორენილობას („სურათი“, „ღვინია გადაიჩეხა“, 1890; „მაგდანას ლურჯა“, 1890; „მეურმის ფიქრები“, 1891; „თინას ლეკური“, 1898; „სოფლის მევახშენი“, 1925 და სხვ.), წარმოაჩენდა სოფლის ეკონ. დიფერენციაციის სურათებს და, აქედან გამომდინარე, უთანასწორობის მძიმე შედეგებს, დრომოჭმული ჩვეულებების მავნე გავლენას ადამიანთა ურთიერთობასა და ცხოვრებაზე („რომანი დიდხევაში“, 1881; „კონა“, 1882; „ორენა და ქუჩე“, 1883; „გურგენაულის ბაბო“, 1890 და სხვ.). ხატავდა გლეხობის ქომაგი ინტელიგენტებისა და თავადაზნაურობის წარმომადგენლებს, რ-თაც ღარიბ-ღატაკთა მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებად განათლება მიაჩნდათ („გამარჯვებული ნიკო“, 1896; „სოფლის მეგობარი“, 1911; „სოფლის მასწავლებელი“, 1918 და სხვ.).

     -ის შემოქმედებაში ერთ-ერთი მთავარი საკითხია ქალის როლი საზ. ცხოვრებაში; იგი მოითხოვდა ქალის თავისუფლებას, მის ფართო საზ. ასპარეზზე გამოსვლას, იბრძოდა მისი პიროვნებისა და უფლებების შეზღუდვის წინააღმდეგ (სცენა „ფრთებდაგლეჯილი“, 1912). 1880 გ-მა, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის გამგეობის წევრმა, შეადგინა ქალთა პროფ. სკოლის პროექტი და გამოაქვეყნა გაზ. „ივერიაში“. პროექტმა საზ-ბის მოწონება დაიმსახურა. 1883 გ-მა ღარიბი გოგონებისათვის ჭრა-კერვისა და ქარგვის სკოლა გახსნა საკუთარ ბინაში (ახლანდ. გაბაშვილის შესახვევი, № 3). თვითონვე იყო ამ სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი. 4–5-წლიან პროფ. მომზადებასთან ერთად სკოლა ზოგად განათლებასაც აძლევდა მოსწვლეებს და 4 ათეულ წელზე მეტ ხანს იარსება.

დიდია -ის დამსახურება ქართ. საბავშვო ლიტ-რის განვითარებაში. ა. თუმანიშვილ-წერეთელთან ერთად იგი იყო ჟურნ. „ჯეჯილის“ (1890) ერთ-ერთი დამაარსებელი და აქტ. თანამშრომელი. მისი საყმაწვილო მოთხრობები ყოველთვის იყო საქრესტომათიო მასალა ქართ. სახელმძღვანელოებისათვის. 1955 გ-ის მოთხრ. „მაგდანას ლურჯას“ მიხედვით გადაიღეს ამავე სახელწ. ფილმი (რეჟისორები: თ. აბულაძე და რ. ჩხეიძე, სცენარის ავტორი კ. გოგოძე), რ-მაც 1956 კანისა და ედინბურგის საერთაშ. კინოფესტივალებზე პრემია და დიპლომი დაიმსახურა.

     თხზ.: თხზულებანი, ტფ., 1910; მოთხრობები, თბ., 1936; რჩეული ნაწერები, ტ. 1 – 2 თბ., 1953 – 60; მოთხრობები, თბ., 1983; მაგდანას ლურჯა და სხვა მოთხრობები, თბ., 2014; რჩეული მოთხრობები, თბ., 2015.

     ლიტ.: ზანდუკელი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, [ტ.] 3, თბ., 1955; ქარელიშვილი ე.,  ეკატერინე გაბაშვილი, თბ., 1955; თავზიშვილი გ., ეკატერინე გაბაშვილი, თბ., 1963. 

                                                                                                                                        ს. ხუციშვილი