„ეთერიანი“, ქართული ხალხური სამიჯნურო-რომანტიკული ეპოსი, თქმულება აბესალომისა და ეთერის ტრაგიკულ სიყვარულზე. მკვლევართა ვარაუდით, „ე-ის" ხალხ. რედაქცია X–XI სს. პატრონყმურ საზ-ბაში ჩამოყალიბდა. თქმულების სიუჟეტი გაცილებით ძველია და ზღაპრულ ეპოსში გავრცელებულ გერ-დედინაცვლის მოტივზეა აღმოცენებული. „ე-ის" მთავარი გმირები საზოგადოების სხვადასხვა სოც. ფენის წარმომადგენლები არიან (აბესალომი მეფის ძეა, ეთერი – გლეხის ქალი). დედინაცვლისაგან დაჩაგრული ეთერი თავდავიწყებით შეიყვარა აბესალომმა. მათ ბედნიერებას წინ აღუდგა აბესალომის ყმა მურმანი, რ-საც შეუყვარდა ეთერი. მურმანმა უკურნებელი სენი შეჰყარა ქალს და აბესალომმა დათმო იგი. მეფის ძის მიერ ფიცის გატეხამ „ღვთისგან დადგმული გვირგვინი ლაფში ამოსვარა". აბესალომმა ეთერთან ერთად დაკარგა მხნეობა. ის დაძაბუნდა როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. ეთერი ბრუნდება აბესალომთან, მაგრამ აბესალომი კვდება. ეთერი მისივე ნაჩუქარი დანით იკლავს თავს (მათ საფლავზე ამოსული ია და ვარდი მარადიული სიყვარულის სიმბოლოა – სიცოცხლეში შეუყრელნი, სიკვდილში შეეყრებიან ერთმანეთს). მურმანი (ვარიანტებით: მურვანი, შერედომა, შერევლო, შარამბალა, აშირალომა და სხვ.) ეთერის სიყვარულმა მეფის ძის მტრად აქცია. მან ეშმაკს მიჰყიდა სული და საწადელი აისრულა – ეთერს დაეპატრონა, თუმცა ბედნიერებას ვერ ეწია. მათი სიკვდილის შემდეგ მურმანმაც თავი მოიკლა და აბესალომისა და ეთერის საფლავებს შუა დაიმარხა. ხალხ. წარმოდგენით, მის საფლავზე, ეშმაკეული ძალის ნიშნად, ეკალი აღმოცენდა, რ-იც ია-ვარდის გადახვევას ხელს უშლის (აქედან მოდის გამოთქმა – „მურმანის ეკალი"). მარადიული სიყვარულის განდიდებამ, სოც., ფილოს.-ესთეტ. პრობლემების დიდი მხატვრული გემოვნებით დამუშავებამ „ე-ს" განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა. ძეგლი გავრცელებულია საქართვ. თითქმის ყველა კუთხეში. გვხვდება „ე-ის" პროზაული, პოეტური, ყველაზე მეტად კი პროზისა და ლექსის მონაცვლეობით შედგენილი ტექსტები. პირველ გამოცემას (1875, პ. უმიკაშვილი) ცამეტი ვარიანტის შერწყმის საფუძველზე მიღებული ტექსტი დაედო საფუძვლად. თქმულების ყველაზე ადრინდელი ფშაური ვარიანტი გამოქვეყნდა „ივერიაში" (1888). საქართვ. აღმ., დას. და სამხრ. რ-ნებში ფიქსირებული ტექსტები გამოსცა მ. ჩიქოვანმა (1954). „ე-ს" სიუჟეტური ანალოგები მოეპოვება შუა საუკ. ფოლკლორსა და ლიტერატურაში („ტრისტან და იზოლდა", „ვისრამიანი"). თქმულებამ მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია ქართ. ხელოვნების განვითარებას (ვაჟა-ფშაველას პოემა „ეთერი", ზ. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი", ლ. გუდიაშვილისა და მ. თოიძის მხატვრული ტილოები და სხვ.).
ტექსტი: ეთერიანი, მ. ჩიქოვანის გამოც., წგ.: ხალხური სიტყვიერება, [ტ.] 4, თბ., 1954; ეთერისა და აბესალომის ამბავი, წგ.: ხალხური სიბრძნე, ტ. 3, თბ., 1964.
ლიტ.: ბ ა რ ნ ო ვ ი ვ., თხზულებათა სრული კრებული, ტ. 10, თბ., 1964; ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა პ., რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა, «რუსთაველის კრებული », ტფ., 1938; კ ი კ ნ ა ძ ე ზ., ქართული ხალხური ეპოსი, თბ., 2001; ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ქ., ქართველი მწერლები და ხალხური შემოქმედება, თბ., 1956; ქ უ რ დ ო ვ ა ნ ი ძ ე თ., ეთერიანი, თბ., 1974; ჩ ხ ე ი ძ ე რ., მურმანის ტრაგედია. ლიტერატურულ-ფოლკლორული ცდა, თბ., 1995.
ფ. ზანდუკელი