მეციტრუსეობა, მემცენარეობის დარგი, რომლის მიზანია ციტრუსოვანი კულტურების (ტეგანისებრთა ოჯახი) მოვლა-მოყვანის ინტენსიური განვითარება მაღალხარისხოვანი ნაყოფისა და მისი გადამუშავებით პროდუქტების მისაღებად. ციტრუსოვანთა სამშობლოა ჩინეთი, ინდოეთი და ინდოჩინეთი. საქართველოში მ-ს XVI ს-იდან მისდევენ, მაგრამ სამრეწვ. ხასიათი მან XX ს. 30-იან წლებში მიიღო. სსრკ-ში ციტრუსოვანი კულტურების ძირითადი მწარმოებელი იყო დას. საქართველო, სადაც მისი ფართობი 20,0 ათ. ჰა აღემატებოდა (1980). ამ პერიოდში ციტრუსებს საქართველოში სას.-სამ. სავარგულების 0,62% და დამუშავებული მიწების 1,75% ეჭირა, სოფლის მეურნეობის წარმოებული პროდუქციის ღირებულებაში მათი წილი 7,7% შეადგენდა. ამ პერიოდში ფუნქციონირებდა 25 სპეციალიზებული მეურნეობა, მ. შ. სანერგე მეურნეობები. საქართვ. სუბტროპ. მეურნ. ინ-ტში (სოხუმი) გამოჰყავდათ ყინვა- და მალსეკოგამძლე ჯიშები. ჩაისა და სუბტროპ. კულტურების საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (ანასეული) შემუშავდა თვითდატერასების პრინციპით ეროზირებულ ფერდობებზე ციტრუსების გაშენება, რამაც განაპირობა მაღალი მოსავლის მიღება. მ-ის მაღალკვალიფიციურ კადრებს ამზადებდა საქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტი.
ყველაზე მოსავლიან წელს (1988) ციტრუსების მოსავალი შეადგენდა 436 ტ, საშუალო საჰექტარო მოსავალი კი – 227 ც ჰა-ზე.
XX ს. 90-იან წლებში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ და ქვეყანაში შექმნილმა სიტუაციამ მ-ის განვითარება შეაფერხა. 1990 ციტრუსოვნებს (მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი) ეჭირა 27 ათ. ჰა, მოსავალი შეადგენდა 305 ტ, ხოლო საშ. საჰექტარო მოსავალი – 152 ც ჰა-ზე. მათი წარმოება გრძელდებოდა წვრილ ფერმერულ მეურნეობებსა და საკარმიდამო ნაკვეთებზე (ოჯახური მეურნეობები).
საქართველოში მ-ის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ფ. მამფორიამ, ტ. კვარაცხელიამ, შ. გიგიბერიამ და სხვ. სელექციონერებმა. მათ შეარჩიეს და გამოიყვანეს ციტრუსოვანთა კულტურების ახ. ჯიშები, ფორმები და კლონები, რ-ებიც გავრცელდა წარმოებაში. მ-ის საკითხები შუქდებოდა ჟურნ. „სუბტროპიკულ კულტურებში“.
მ-ის სამეცნ. საკითხებზე მუშაობს ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწ. უნ-ტის სუბტროპ. კულტურების დეპარტამენტი და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ცენტრში შემავალი ჩაისა და სუბტროპ. კულტურების კვლევის სამსახური.
2012 ამოქმედდა ქობულეთის ციტრუსების გადამამუშავებელი ქ-ნა. საწარმოში დამზადებული მანდარინის კონცენტრატი გადის ექსპორტზე (იაპონია, ჰოლანდია, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა). აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვისის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა საცდელ-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობაში, საკოლექციო ნაკვეთის მოწყობის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან (ესპანეთი, თურქეთი, იაპონია, ჩინეთი) შემოიტანეს ციტრუსოვანთა ნერგები. აგროსერვისის ცენტრში გვხვდება მანდარინის 28 (ივასაკი, ვასე, მიხო, მერკუტი, უნშიუ, მიჩურინული, მეგრელიშვილი და სხვ.), ფორთოხლის 16 (ვაშინგტონი, ნაველა, უთესლო ფორთოხალი იაფა, მიჩურინის დიდება და სხვ.), ლიმონის 14 (დიოსკურია, ვილაფრანკა, ქართ. ჰიბრიდი 1, მეიერი, უთესლო, უეკლო და სხვ.), პომელოს 6 (ლიმა ბერსი, რიო რედი, სტარები და სხვ.), გრეიფრუტის 3 (ფოსტერი, სამბოკი, უთესლო მერში), კინკანის 3 (მრგვალი, ოვალური, განსხვავებული ფორმა) და ნარინჯის 1 (მიტროფოლია) ჯიში. აგრეთვე ლაიმი, კუნკვატი და სხვ. მეციტრუსეობის პარალელურად, საქართველოში მოჰყავთ ისეთი სუბტროპიკული კულტურები, როგორიცაა კივი (აქტინიდია) და ხურმა.
აღსანიშნავია კივის ჯიშები: არგუტა, ჰოვარდი, სოლო და ისაი; ასევე ხურმის ჯიშები: ჰაჩია, ფუიუ, პიაკუმე ჩინებული, გეილეი, როხო, ბრილიანტი და სხვ. სანერგე მეურნეობაში 2 სათბურია, სადაც გამოჰყავთ ქართ. ციტრუსის ახ. ჯიშები. 2020 პლანტაციებს ეჭირა 9,1 ათ. ჰა, 2021 აწარმოეს 61,5 ათ. ტ ციტრუსი (მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი). 2023 საექსპორტო მანდარინი მიიღო 20-ზე მეტმა ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელმა საწარმომ, ექსპორტირებულია 26600 ტ სტანდარტული მანდარინი, მიღებული და გადამუშავებულია 4583 ტ არასტანდარტული მანდარინი. საერთაშ. ბაზარზე იზრდება მოთხოვნა ციტრუსოვან კულტურათა ნაყოფსა და მათგან წარმოებულ პროდუქციაზე. საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკადემია, გარემოს დაცვისა და საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე აგრ. უნ-ტი ხელს უწყობენ მ-ის შემდგომ განვითარებას.
ლიტ.: ჯაბნიძე რ., სუბტროპიკული კულტურები, ბათ., 2022.
რ. ჯაბნიძე