მეცხენეობა, მეცხოველეობის დარგი, რომლის დანიშნულებაა ცხენების მოშენება და გამოყენება. მ-ს ევრ. და აზიის ქვეყნებში მისდევდნენ ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. ამავე პერიოდის II ათასწლეულში ცხენი მცირე აზიიდან შეიყვანეს აფრიკაში. ამერიკაში იგი გავრცელდა XVI ს-ში, ხოლო ავსტრალიაში – XVII ს-ში. ცნობილია ცხენის 200-მდე ჯიში და ჯიშური ჯგუფი. მ-ის განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა ცხენის 3 ძირითადი ტიპი: საჯდომი, შესაბმელი და საჯაგავი. მ-ში 4 მიმართულება აღინიშნება: სანაშენე, სპორტული, მუშა (გამწევი ძალა) და პროდუქტიული.
საქართველოში ცხენს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამხ. მიზნით, საჯდომ-სასაპალნედ, მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებად, მომთაბარე მეცხოველეობაში და სხვ. ადგილობრივი ცხენის ჯიშების ღირსებაზე მეტყველებს ის, რომ არაბებს თავიანთი ცხენსაშენებისათვის კახეთიდან კონტრიბუციით გაჰყავდათ ფაშატები. შემორჩენილია ცხენის მოვლა-მოშენების 2 სისტემა – თავლური და ჯოგური. ცნობილია ჯოგურ პირობებში მონაშენე 2 უძველესი ჯიში – თუშური და მეგრული. XIX ს. II ნახ-ში ჯავახეთში გავრცელდა ჯავახური შესაბმელი მუშა ცხენი, რ-ის ისტორია საქართველოში „დუხობორების“ გადმოსახლებასთან არის დაკავშირებული. საბჭ. ხელისუფლების დროს ამოქმედდა ცხენსაშენები, საჯიშე და ხელოვნური დათესვლის სადგურები და სხვ. სსრკ სამხრ. რ-ნებში განვითარებული იყო ჯოგური მეხორცულ-მერძეული მ. სოფ. ქვემო ალვანის (ახლანდ. ახმეტის მუნიციპ.) მეცხვარეობის საბჭ. მეურნეობის თუშური ცხენის სანაშენე ფერმა ამ ჯიშის რეპროდუქტორად ითვლება. წმინდასისხლის საჯდომი ცხენის მოშენებას ემსახურებოდა სოფ. ყულარის (ახლანდ. მარნეულის მუნიციპ.) სახელმწ. ცხენსაშენი. ცხენის სულადობა საქართველოში XX ს. 70-იან წლებში შეადგენდა დაახლ. 39000-ს.
ცხენი უნივერსალური სას.-სამ. ცხოველია. მისი როლი სოც.-ეკონ. სფეროში იცვლებოდა ცხოვრების წესის შესაბამისად. იზრდება სამუშაო-სამოსარგებლო ცხენის რიცხოვნობა მოსახლეობის პირად საკუთრებაში, რაც აიხსნება მიწის რეფორმით და საკარმიდამო ნაკვეთების მნიშვნელოვანი გაფართოებით. ასეთ პირობებში ცხენის გამოყენება ლოგიკურია და ობიექტურად აუცილებელი, თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის მინიტექნიკით უზრუნველყოფის შეზღუდულ შესაძლებლობებს.
საქართველოში სპორტულ მ-ბას გარკვეული პერიოდი ნაკლები ყურადღება ექცეოდა, თუმცა 2007 შეიქმნა საცხენოსნო სპორტის ეროვნ. ფედერაცია, რ-საც საქართვ. ყველა რეგიონში საცხენოსნო სპორტ. კლუბების მოწყობა დაევალა.
საქართველოში გავრცელებული ქართ. ეროვნ. საცხენოსნო თამაშობანი (ისინდი, მარულა, ცხენბურთი, მთიდან დაშვება და სხვ.) შეტანილია მრავალი ოფიციალური შეჯიბრების პროგრამაში და შემუშავებულია მათი ჩატარების წესდება. სპორტის აღნიშნული სახეობებიდან პოპულარულია აგრეთვე დაბრკოლებათა გადალახვა (კონკური), რ-შიც საერთაშ. მასშტაბის შეჯიბრებები პერიოდულად იმართება.
საცხენოსნო ტურიზმის პოპულარობა საქართველოში სწრაფად იზრდება. ამას ხელს უწყობს ის, რომ ადგილობრივი ცხენი თვინიერია და ადვილად იწვრთნება. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლამ 2023-24 წლებში მოამზადა და გამოუშვა საცხენოსნო ტურის გამყოლის 2 ნაკადი თბილისისა და რეგიონებისათვის, დაგეგმილია აღმ. და სამხრ. საქართველოში საცხენოსნო ტურის კვალიფიციური გამყოლის მომზადებაც.
ისტ. ტრადიციებისა და ცხენის მრავალმხრივი გამოყენების ამოცანების შესაბამისად საქართველოში აშენებენ ადგილობრივ თუშურ, მეგრულ და ჯავახურ შესაბმელ ცხენს და ერთ კულტურულ-ინგლისურ წმინდასისხლიან საჯდომ ცხენს. მეგრული ცხენის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა დას. საქართველოს ბუნებრივ-კლიმატ. პირობებმა. ის ითვლება ძვ. კოლხური ცხენის პირდაპირ შთამომავლად და ძირითადად საჯდომ-სასაპალნე ტიპისაა, თუმცა წარმატებით იყენებენ სხვადასხვა სახის სას.-სამ. სამუშაოებზე. თუშური ცხენი ფორმირებულია აღმ. საქართველოს მთაგორიანი ზონის ბუნებრივ-კლიმატ. პირობებში, როგორც საჯდომ-სასაპალნე ტიპის. მას დიდი მნიშვნელობა აქვს მომთაბარე მეცხოველეობისათვის. ჯავახური შესაბმელი ცხენი ფორმირებულია სამხრ. საქართვ. მკაცრ კლიმატ. პირობებში. იგი შესაბმელია, გამოირჩევა კარგი ამტანობით. აღნიშნული ჯიშების სანაშენე ბირთვი უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა მათი მოშენება და სრულყოფა მაინც მიმდინარეობს. სანაშენე მ-ობის, ქსელი მოიცავს ცხენსაშენებს, იპოდრომებს და სანაშენე ფერმებს. საქართველოში 1908-იდან ფუნქციონირებს სოფ. ყულარის ცხენსაშენი, სადაც დღემდე აშენებენ ინგლისურ წმინდასისხლიან საჯდომ ცხენს. გაუქმდა ადგილობრივი ჯიშების მ-ის სანაშენე ფერმები. დასარეგისტრირებლად მზადდება თუშური ცხენის სანაშენე ფერმა თიანეთის მუნიციპ-ში (2024).
2024 წ. აპრილში თბილისში გაიმართა საერთაშ. შეჯიბრება დაბრკოლებათა გადალახვაში. ამავე წლის 8 ივლისს დუშეთში ჩატარდა მარულა 50 კმ-იან დისტანციაზე. I და III ადგილები დაიკავა თუშურმა ცხენმა. მიმდინარეობს მუშაობა ცხენის ადგილობრივი ჯიშების სანაშენე ფერმების შესაქმნელად. მათ უნდა მიეცეს გენოფონდის მეურნეობის სტატუსი, ადგილობრივი ჯიშების მოშენება უნდა წარიმართოს ხალასად.
ლიტ.: კობალავა დ., მეცხენეობის განვითარება საქართველოში, თბ., 1981; საქართველოს ადგილობრივი ცხენის ჯიშები, თბ., 1950.
ა. ჩუბინიძე
დ. კობალავა
ა. ჩუბინიშვილი