მეწყრული მოვლენები

მეწყრული მოვლენები, გეოდინამიკური პროცესის ერთ-ერთი გამოვლინება. მიეკუთვნება გრავიტაციულ პროცესებს, რასაც იწვევს ფერდობის გასწვრივი ქანების ნელი მოძრაობა. მეწყერი ხშირად წარმოიქმნება იქ, სადაც წყალშემკავებელი (თიხოვანი) და წყლიანი (მაგ., ქვიშა-ხრეშიანი) ქანები ერთმანეთს ენაცვლება და შრეთა დაქანება კალთის დაქანების თანხვედრილია. მეწყრის წარმოქმნის მიზეზია ქანების წონასწორობის დარღვევა, რასაც იწვევს ფერდობის ძირის გამორეცხვა, ქანების სიმტკიცის შესუსტება ჭარბი ტენიანობის გამო, სეისმური ბიძგები, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა. რთული რელიეფის, გეოლ. და კლიმ. პირობების გამო ეს პროცესები საქართველოში მასშტაბურია, ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს შორის აქტუალურია ადამიანის სამეურნეო საქმიანობა – მთის ქანების სხვადასხვაგვარი მოპოვება-დამუშავება, წყალსაცავებისა და სხვა ნაგებობათა მშენებლობა, მიწის არასწორი დამუშავება და სხვ. განსაკუთრებით გახშირდა გზების, ნავთობ- და გაზსადენების მშენებლობითა და ტყეების გაჩეხვით გამოწვეული მეწყრული პროცესები.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 53 ათ. მეწყრული უბანი და 300-მდე ღვარცოფსაშიში მდინარეა აღრიცხული. ტერიტ. 70% მეტ-ნაკლებად საშიშ ზონაშია. გეოლოგებმა დაადგინეს სტიქიურად ყველაზე საშიში ზონები: აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, გურია, თბილისი. მეწყერი პრაქტიკულად არ აღინიშნება კოლხეთის დაბლობზე, შიდა ქართლის ვაკეზე და ალაზნის ველზე. გარემოს ეროვნ. სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენში („საქართველოში 2023 წ. სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“) საუბარია იმ საფრთხეებზე, რ-ებიც შესაბამისი პირობების (უპირველეს ყოვლისა, უხვი ატმ. ნალქები და მიწისძვრები) წარმოქმნის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს. ამასთანავე თბილისში არის უბნები, სადაც მოსალოდნელია გეოლ. პროცესების გააქტიურება, კერძოდ, მდ. ვერეს ხეობაში, ახალდაბის ხევში, მდ. გლდანისხევის, ხევძმარის, უკანხევის, ლეღვთახევის, დუქნისხევის ხეობებში, ლიბანის ქუჩაზე, მარშალ გელოვანისა და მ. მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტ. გზის ცალკეულ მონაკვეთებზე, ნუცუბიძის ფერდობზე, მუხათგვერდის სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე, სვანეთის უბნის, ბერთუბნის, გიორგიწმინდის დასახლებებში. ამასთან ერთად, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კლდეზვავ-ქვათაცვენის პროცესები კვლავ გაგრძელდება თბილისი-მარნეულის საავტ. გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, ჭ. ამირეჯიბის გზატკეცილის გასწვრივ, მდ. ლეღვთახევის ფერდობებზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, ნუცუბიძის ფერდობზე, კოსტავას ქუჩაზე (ფიქრის გორის მიმდებარედ), მდ. მტკვრის მარჯვ. სანაპიროზე (თამარ მეფისა და ვახუშტის ხიდების მიმდებარე უბნები), თბილისში შემოსასვლელი გზის მარჯვ. ფერდობზე (ზაჰესის მიმდებარედ).

მეწყრის, როგორც გეოდინამიკური პროცესის, შეჩერება შეუძლებელია. საქართველოში, როგორც მთიანი, რთული რელიეფის მქონე ქვეყანაში, სტიქიური მოვლენები მასშტაბურია, განმეორებადობა – ხშირი, საშიშროების რისკი – მაღალი. ბოლო წლებში შეიმჩნევა მათი გახშირება. ვინაიდან ეს პროცესები დიდ საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობას, ინფრასტრუქტურას და ეკონომიკას, ეკონ. ზარალისა და ადამიანთა მსხვერპლის მინიმალიზაციისთვის მიმდინარეობს მოსალოდნელი სტიქიური მოვლენის შესახებ წინასწარი გაფრთხილებისა და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება. საქართვ. აქტიურად არის ჩართული საერთაშ. პროცესებში, რ-ებიც კატასროფების რისკების შემცირებისა და შედეგების შერბილებისკენ არის მიმართული.

. მელიქსეთბეგი