მეჭვავიასნაირნი (Charadriiformes), ფრინველთა რიგი, რომელიც აერთიანებს 3-6 ქვერიგს (ბოლო დროის მოსაზრებით 3 ქვერიგს): თოლიებს (6 ოჯახი), ტყის ქათმებს (5 ოჯახი) და საკუთრივ მეჭვავიებს (8 ოჯახი). რიგში გაერთიანებულია 90-მდე გვარის 391 სახეობა. მ. გავრცელებული არიან არქტიკიდან ანტარქტიკამდე და ზღვის დონიდან ალპურ სარტყლამდე. ფრინველთა მასა 20გ – 3კგ ფარგლებში მერყეობს. ბუდობენ მიწაზე ან კლდეებში, იშვიათად – ქვების ქვეშ სოროებში და ხეებზე. დედალი დებს 1-4 უმეტესად ჭრელ კვერცხს. იკვებებიან ხმელეთისა და წყლის უხერხემლოებით, ზოგი მათგანი — თევზით. მეზღვიები (ფრინველთა ოჯახი მ-თა რიგისა) და ტანად დიდი თოლიები ჭამენ სხვა ფრინველთა ბარტყებსაც, ნარჩენებსა და მძორს. საქართველოში გვხვდება 67 სახეობა, ბუდობს – 21, აქედან თვალჭყეტია (Burhinus oedicnemus) შეტანილია საქართვ. წითელ ნუსხაში.
ა. ბუხნიკაშვილი