მეჭურჭლეთუხუცესი

მეჭურჭლეთუხუცესი, ვაზირი ფეოდალურ საქართველოში. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, მ. ძვ. ვაზირია. იგი ათაბაგობის შემოღებამდე მეოთხე ვაზირი ყოფილა და მსახურთუხუცესთან ერთად შედიოდა ორთა ვაზირთა ჯგუფში. მეფედ კურთხევის ცერემონიალზე, სასახლეში მიბრძანებისას, ხელმწიფეს ამირსპასალარის შემდეგ მ. მიეახლებოდა, მას კი მსახურთუხუცესი მიჰყვებოდა. მ. მეჭურჭლეთა უფროსი და საჭურჭლის, ანუ ხაზინის უზენაესი გამგებელი იყო. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, საჭურჭლეში ინახებოდა ყოველდღიურად სახმარი ქონება, განძეულობა, ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი კი სალაროში იყო „შეკრული“. მ-ს ჰყავდა მოადგილე – ნაცვალი საჭურჭლისა, ასევე მუშრიბი, საჭურჭლის მუქიფი და მეჭურჭლენი. მას როგორც ვაზირს, თავისი ბეჭედი ჰქონდა. მას ექვემდებარებოდა სამეფო ქალაქები, ვაჭრები და ქალაქის ამირები. მისი უწყება განაგებდა საბაჟო გადასახადებს. მ. ამავე დროს შეიძლება მსხვილი მემამულეც ყოფილიყო, მაგ., ერისთავთერისთავი.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVII ს-ში, როსტომ მეფის რეფორმის შემდეგ, მ. მოლარეთუხუცესმა შეცვალა.

ლიტ.: ანთელავა ი., საქართველოს საისტორიო წყაროთმცოდნეობითი ძიებანი, თბ., 2002; თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი ე., hელმწიფის კარის გარიგება, ტფ., 1920; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი ვ., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, თბ., 2003; სურგულაძე ი., ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, თბ., 2002; ჯ ა ვ- ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 7, თბ., 1984.

. უჯმაჯურიძე