მეხრე, დიდ გუთანში შებმული ხარის გამრეკი, გუთნისდედის დამხმარე ხვნაში, რომელიც ხვნის პროცესში უღლის მარცხენა მხარეს იჯდა. აღმ. საქართველოს ბარში 8-12-უღლიან გუთნეულს ემსახურებოდა დღის 4 (1 წინა, 2 შუა, 1 უკანა, ანუ ღირღიტას მ.) და ღამის 2 მ., რ-ებიც მუშაობის პროცესში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ღამის მ-ს დამატებით ევალებოდა გუთნეულის გამწევი ძალის (ხარი, კამეჩი) გარეკვა საბალახოდ და მისი მოვლა-პატრონობა დილით, გუთანში შებმამდე, რაშიც ერთი ზემდეტი ალო ეძლეოდა. ღამის მ-დ, ჩვეულებისამებრ, გამოცდილ გლეხს აყენებდნენ. დღის მ-ის მოვალეობას კი ხშირად 12-14 წლის ბიჭიც ასრულებდა. მ-ს კარგი სიმღერაც უნდა სცოდნოდა, რომ ხვნის პროცესი გაეხალისებინა. მ-ების შერჩევა გუთნის პატრონის (გუთნის დედა) მოვალეობა იყო. მ-ს ხალხურ ყოფაში ზოგჯერ მეურმეს- ურმის დამტარს, წამძღოლსაც უწოდებდნენ. იხ. აგრეთვე სტ. მოდგამი.
ლიტ.: გუგუშვილი პ., გუთნეულის ეკონომიური ორგანიზაცია, „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“, 1994, ტ. 5 № 3; რობაქიძე ა., მოდგამი, როგორც ექსპლოატაციის ერთი ფორმა რევოლუციამდელ საქართველოში, «მიმომხილველი», 1951, ტ. 2; ჩიტაია გ., თიანეთის ეთნოგრაფიული ექსპედიციის მოკლე ანგარიში, «ენიმკის მოამბე», 1941, ტ. 11; ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960; ნანობაშვილი ნ., საოჯახო მეურნეობა კახეთშიXIX საუკუნის II ნახ. XX საუკ. დასაწყისი, თბ; 1996.
გ. ჯალაბაძე