მეხსიერება ფსიქოლოგიაში,

მეხსიერება ფსიქოლოგიაში, შემეცნებითი (კოგნიტური) პროცესი, რომლის ფუნქციაა გამოცდილების აღბეჭდვა (კოდირება), წარსულში აღქმულისა და განცდილის შენახვა და აღდგენა (გახსენება), მომავალ ქცევაში მისი გათვალისწინება და ჩართვა.

ტრადიციულად ფსიქოლოგიაში განსხვავებული კრიტერიუმის საფუძველზე არსებობს მ-ის ფორმების რამდენიმე კლასიფიკაცია. ინფორმაციის აღქმასა და შენახვას შორის დროითი ინტერვალის ხანგრძლივობის მიხედვით გამოყოფენ ხანმოკლე და ხანგრძლივ მ-ს.

ხანმოკლე და ხანგრძლივი მ-ის სტრუქტურის მიმდინარეობისა და მასზე მოქმედი ფაქტორების შესახებ თანამედროვე ფსიქოლოგიაში ორი განსხვავებული თეორიული მიდგომა არსებობს: მ-ის მრავალსაცავიანი თეორია (რ. ატკინსონი და რ. შიფრინი) და ერთიანი მ-ის, ანუ მ-ში ინფორმაციის გადამუშავების დონეების თეორია (ფ. კრეიკი და რ. ლოკჰარტი).

მ-ის მრავალსაცავიანი მოდელი სამ დამოუკიდებელ სტრუქტურას მოიცავს: სენსორულ რეგისტრს, ხანმოკლე მ-ს და ხანგრძლივ მ-ს. მ-ის მრავალსისტემური თეორიისგან განსხვავებით 1972 ფ. კრეიკმა და რ. ლოკჰარტმა წარმოადგინეს მ-ის უნიტარული თეორია, რ-ის თანახმად მ. ერთიანი უნიტარული სისტემაა, სადაც განსხვავება ხანმოკლე და ხანგრძლივ მ-ს შორის გადამუშავების სიღრმეზე, ანუ დონეზეა დამოკიდებული. ამ თეორიის საკვანძო ცნება პროცესია და არა სისტემა.

მ-ის მრავალსისტემური მოდელი ხანგრძლივი მ-ის მხოლოდ ერთ ფორმას გვთავაზობს.

ეპიზოდურ მ-ში ინახება ადამიანის მიერ განცდილი მოვლენები, ამბები, სასიამოვნო თუ უსიამოვნო ისტორიები. ეპიზოდური მ-ის სპეციფიკა არის ის, რომ მისთვის დამახასიათებელია მოვლენათა ტემპორალიზაცია, რაც მ-ში ამ მოვლენის აღდგენას უწყობს ხელს. დ. უზნაძე ამ ტიპის მ-ზე დიდი ხნით ადრე მიუთითებდა და მას ისტორიულ მ-ს უწოდებდა. გარდა ამისა, „მე-ს ინდექსსაც“ მიაწერდა და მის როლს ასე ხსნიდა: „მოგონება, უბრალოდ, ობიექტურ ვითარებას კი არ ითვალისწინებს, არამედ იმას, თუ მე რისი მოწმეც ვყოფილვარ, რა აღმიქვამს. მოგონებაში ქვეყნის ამბავი კი არა, არამედ ჩემი ამბავია მოთხრობილი. ამიტომ მოგონებაში ცენტრალური ადგილი სუბიექტს უკავია“. ეპიზოდური მ. თვითცნობიერებას უკავშირდება და პერსონალურ მ-საც უწოდებენ. ის ყალიბდება ბავშვის თვითცნობიერების ჩამოყალიბების პერიოდში, საშუალოდ, 3 წლის ასაკში. ამ დროს ბავშვი იძენს ახალ ცოდნას, იმახსოვრებს და შეუძლია მისი გამოყენება.

სემანტიკურ მ-ში ინახება სამყაროს შესახებ ზოგადი ცოდნა, რ-იც მრავალ განსხვავებულ სფეროს მოიცავს.

ცნობა მ-ის სპეციფ. ფორმაა და სრულია მაშინ, თუ ადამიანმა წარსულში აღქმულის განმეორებითი აღქმის შემთხვევაში შეძლო იმის კონსტატაცია, რომ ამჟამად აღქმული მის მიერ წარსულში ამა და ამ ადგილას აღქმული საგანია.

არადეკლარაციულ (იმპლიციტური) მ-ში მოიაზრება ადამიანის ინდივიდუალურ გამოცდილებაში შემოსული ინფორმაცია, რ-საც პიროვნება ვერ აცნობიერებს, მაგრამ მაინც ვლინდება მის ქცევაში. ეს ფორმა ჯერ კიდევ ფსიქოლოგიის კლასიკოსმა, ჰ. ებინგჰაუსმა მ-ის ფორმების კლასიფიკაციაში გამოყო და შესაბამისი – ეკონომიის – მეთოდი მოუძებნა.

იმპლიციტური მ-ის მექანიზმი მოცემულია დ. უზნაძის განწყობის თეორიაში. ფაქტობრივად იმპლიციტური მ-ის მიმდინარეობა ამ თეორიის არსის ერთ-ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა. ის, რაც ჩვენს გამოცდილებაში იყო, მაგრამ აღარ გვახსოვს, ცნობიერად ვერც მისი სწავლის ფაქტს ვიგონებთ და ვერც შინაარსს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ წარსული დაკარგულია ჩვენთვის. დ. უზნაძე წერს: „დამახსოვრების პროცესი ისე მიმდინარეობს, დასამახსოვრებელი შთაბეჭდილება ჩვენზე, როგორც პიროვნებაზე მოქმედებს და შესატყვისი განწყობის სახით ჩვენი პიროვნების გარკვეულ მოდიფიკაციას ქმნის. მაშასადამე, ამ შთაბეჭდილების არა მარტო განცდა გვაქვს, როგორც ცნობიერების გარკვეული ფენომენი, არამედ მისი შესატყვისი განწყობაც, როგორც სუბიექტის მდგომარეობა. განცდა სუბიექტის გარეშე არ ჩნდება, მაგრამ განწყობა დისპოზიციაა და ამიტომ იგი ყოველთვის შეიძლება არსებობდეს. ე. ი. ყოველთვის შესაძლებელია, რომ სუბიექტმა მოქმედება ამ განწყობის მიმართულებით გაშალოს“. ამის უტყუარი საბუთი ჰიპნოზურ ძილში შექმნილი განწყობაა, რ-იც გაღვიძების შემდეგ მოქმედებს, თუმცა ცნობიერად არაფერი ახსოვს იმ შთაბეჭდილებების შესახებ, რ-ის ზეგავლენითაც მას ეს განწყობა შეექმნა.

პროცედურული მ-ის საფუძველზე ადამიანის ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი აქტიური მე-ს ჩარევის გარეშე მიმდინარეობს.

მომავალზეა მიმართული პროსპექტული მ. მ-ის სპეციფიკური ფორმა და მისი ფუნქცია ადამიანის მომავალში შესასრულებელი განზრახვებისა და გეგმების დახსომებაა; იგი განსხვავდება რეტროსპექტული მ-ისაგან, რ-იც წარსულში შეძენილ ცოდნას იხსენებს. პროსპექტული მ-ის, როგორც დამოუკიდებელი ფორმის იდეა ზ. ფროიდს ეკუთვნის. მას ეთანხმებოდნენ კ. ლევინი და გ. ბირენბაუმი, მაგრამ სერიოზული ექსპერ. კვლევა მხოლოდ XX ს. 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო, რაშიც ამერიკელ და ბრიტანელ ფსიქოლოგებთან ერთად მახვილგონივრული ექსპერიმენტების მეშვეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველმა ფსიქოლოგმა ლ. ყვავილაშვილმა. მკვლევრები გამოყოფენ დროსთან და მოვლენასთან დაკავშირებულ პროსპექტულ მ-ს.

მუშა მ. აწმყოში მოქმედი მ-ის სისტემაა, რ-იც აერთიანებს ხანმოკლე და ხანგრძლივი მ-ის ფორმებს და მისი ფუნქცია ხანმოკლე დროით აღქმული ინფორმაციის შეჩერება, ყურადღების ცენტრში მოქცევა, გადამუშავება და სიტუაციის შესაბამისად მოქმედებაა, მ. შ. პრობლემის გადაჭრაც. მუშა მ. რამდენიმე ქვესისტემისგან შედგება.

დახსომების მეორე აუცილებელი მხარეა დავიწყება, რ-იც თავისი შედეგით დახსომების საწინააღმდეგოა და წარსულში შეძენილი ინფორმაციის გახსენებას შეუძლებელს ხდის. დავიწყების შესახებ ფსიქოლოგიაში ყველაზე გავრცელებულია დავიწყებაზე დროის გავლენისა და ინტერფერენციის თეორია.

მ-ის ფსიქოლოგიის უმნიშვნელოვანესი პრობლემა ყოველთვის იყო ინფორმაციის შენახვის საკითხი: როგორ იტევს ჩვენი მ. უზარმაზარ, წლების განმავლობაში დაგროვილ ინფორმაციას. ტრად. მოდელების თანახმად, მ-ში ინფორმაციის გადამუშავება ხდება სერიულად, ანუ საფეხურებრივად, კონექციონისტური მოდელის მიხედვით კი – სიმულტანურად, ერთდროულად, პარალელურად.

დ. უზნაძე ჯერ კიდევ ე. ტულვინგისა და დ. შეხტერის მ-ის ფორმების კლასიფიკაციამდე ცოდნასა და მოგონებას განიხილავდა როგორც მ-ის განსხვავებულ ფორმებს. მოგონებას, როდესაც ხდება ადამიანის მიერ წარსულში აღქმული კონკრეტული მოვლენის ინდივიდუალიზებული ასახვა, დ. უზნაძე „ისტორიულ მ-ს“ უწოდებდა, ცოდნა კი, მისი სიტყვებით, განსხვავდება მოგონებისგან, ანუ ისტორიული მ-ისგან (შდრ. ეპიზოდურ და სემანტიკურ მ-ს). მოგონებას, ძირითადად, თან ახლავს დარწმუნებულობის განცდა – რომ ის, რასაც ადამიანი იხსენებს, „სწორედ ის არის“, რაც შეესაბამება მის მიერ წარსულში აღქმულს და არ არის ფანტაზიის შედეგი. ამავე დროს, არის შემთხვევები, როდესაც მოგონებას შეიძლება არ ახლდეს დარწმუნებულობა. ბუნებრივად დგება საკითხი, როდის ჩნდება დარწმუნებულობის განცდა და რა უწყობს მას ხელს. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია როგორც ამ ფსიქოლოგიური ფენომენის ბუნებისა და მოქმედების მექანიზმის, ისე პრაქტიკული თვალსაზრისითაც. დარწმუნებულობის განცდის მ-ის პროცესებთან კავშირის პრობლემა გაანალიზებული, კრიტიკულად შეფასებული და ექსპერიმენტულად დასაბუთებულია ა. ფრანგიშვილის ნაშრომებში. მან შეძლო დაესაბუთებინა, რომ მოგონების დარწმუნებულობას საფუძვლად უდევს განწყობა, როგორც ის წარმოდგენილია დ. უზნაძის ფსიქოლოგიურ თეორიაში. დიდი ხნის განმავლობაში ფსიქოლოგიაში ითვლებოდა, რომ კოგნიტური პროცესების აღმოცენება და მიმდინარეობა მხოლოდ ცნობიერ დონეზე მიმდინარეობს და, შესაბამისად, დარწმუნებულობის განცდის მიზეზი მოგონების დროს მსჯელობის, ობიექტური და ცნობიერებაში აღბეჭდილი ხატების საფუძველზე მიმდინარე პროცესებია. მაგრამ ეს ავტორები ვერ ხსნიდნენ იმ ფაქტებს, რომ დარწმუნებულობის განცდა ყოველგვარი წარმოდგენა-ხატებისა და ცნობიერების ჩარევის გარეშეც შეიძლება აღმოცენდეს. თითქმის ყველა ამ თეორიისთვის საერთო იყო ის, რომ მათ პიროვნება, სუბიექტი ფსიქიკაზე დაჰყავდათ მაშინ, როდესაც დ. უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით, ურთიერთობა გარემოსა და ორგანიზმს შორის სამწევრიანია, გაშუალებულია – გარემო-სუბიექტი-ქცევა. გარემოსთან ურთიერთობის პროცესი, პირველ რიგში, განწყობით აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ურთიერთობაში ყველაზე ადრე სუბიექტი იცვლება და ეს ცვლილება ობიექტური სიტუაციის შესატყვისია. მ-ისა და დარწმუნებულობის მიმართების შემთხვევაშიც მოგონება გაშუალებულია მთლიანპიროვნული ფაქტორით – განწყობით, დარწმუნებულობა კი მოგონების კონსტრ. მახასიათებელია, რაც განცდის უშუალობაშიც ვლინდება.

ჯ. ყვავილაშვილის კვლევა აგრძელებს დ. უზნაძისა და ა. ფრანგიშვილის მიერ დაწყებულ მიმართულებას მოგონების პროცესებზე დარწმუნებულობის როლის შესახებ. სუბიექტის დარწმუნებულობის დონე მოგონების თუ ცნობის პროცესებში შეიძლება იყოს დაბალი ან მაღალი. ჯ. ყვავილაშვილის კვლევის მიზანი იყო ისეთი შემთხვევების შესწავლა, როდესაც დარწმუნებულობის გარკვეულ დონესა და ცნობის სისწორეს შორის არსებობს განსვლა: სუბიექტი დარწმუნებულია ცნობის სისწორეში, თუმცა ცნობა მცდარია და პირიქით, არ არის დარწმუნებული, მაგრამ ცნობა სწორია. დ. უზნაძე მ-ის საკითხებთან დაკავშირებით წერს: „ის რასაც ჩვენს გამოცდილებაში ჰქონია ადგილი, მაგრამ აღარ გვახსოვს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ წარსული დაკარგულია ჩვენთვის. დამახსოვრების პროცესი ისე მიმდინარეობს, დასამახსოვრებელი შთაბეჭდილება ჩვენზე, როგორც პიროვნებაზე ისე მოქმედებს და შესატყვისი განწყობის სახით ჩვენი პიროვნების გარკვეულ მოდიფიკაციას ქმნის, რამდენადაც განწყობა დისპოზიციაა და ამიტომ იგი ყოველთვის შეიძლება არსებობდეს, ე.ი. ყოველთვის შესაძლებელია, რომ სუბიექტმა თავისი აქტივობა ამ განწყობის მიმართულებით გაშალოს.“

ლიტ.: უზნაძე დ., ზოგადი ფსიქოლოგია, თბ., 1998; ფარჯანაძე დ., მეხსიერების ფსიქოლოგია, თბ., 2000; Atkinson R. C., Shiffrin R. M,, Human memory: A proposed system and its control processes; N. Y., 1968; Craik F. I. M., Lokhart R., Levels of Processing Theory, Toronto, 1972; Tulving E., Memory and consciousness, Toronto,1985.

. ფარჯანაძე