მეხური, ქართული ჰიმნოგრაფიული ტერმინი, აღნიშნავს ახ. წესით დაწერილ (ან თარგმნილ) და მელოდიასთან შეწყობილ საგალობლებს. მ-ის ხმარება დადასტურებულია X—XI სს. ქართ. ხელნაწერებში: „მეხურნი ძლისპირნი“, „დასდებელნი აღდომისანი მეხურნი“, „გალობანი მეხურნი“ (მიქაელ მოდრეკილის „იადგარი“), „მეხურნი ღმრთისმშობლისანი“ (გიორგი მთაწმიდლის ივნისის თვის „თვენის“ ანდერძი), „მეხური იადგარი“ (მელქისედეკ კათალიკოსის სიგელი). მკვლევართა ერთი ჯგუფი (მ. ჯანაშვილი, ნ. მარი, გ. ჟორდანია, ვ. გვახარია) მ-ს ეთნიკურ, ხოლო მეორე ჯგუფი (პ. კარბელაშვილი, კ. კეკელიძე, ჟ. ტიბო, ლ. ჯღამაია, ო. ჩიჯავაძე, ე. მეტრეველი) მუს. ტერმინად მიიჩნევდა. ბოლო დროს გამოვლენილმა ახ. წყაროებმა (გიორგი მთაწმიდლის ივნისის და სექტემბრის თვეთა „თვენის“ ანდერძები) დაადასტურეს, რომ მ. მუს. ტერმინია და დაკავშირებულია მეორე ტერმინთან „მეხელი“. ეს ტერმინები ქართ. ჰიმნოგრაფიაში შეიქმნა იმ გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ძვ. ტიპის „წყობილი სიტყვით“ დაწერილი საგალობლები შეიცვალა ახ. ტიპის „საგალობელთა მარცვლედით“, ანუ რიტმული პროზით დაწერილი საგალობლებით (იხ. ჰიმნოგრაფია).
ბიზანტ. ჰიმნოგრაფიაში რიტმული პროზის ანუ ბიზანტ. სას. ლექსის გავრცელება დაკავშირებული იყო იოანე დამასკელის მიერ ჩატარებულ რეფორმასთან და გულისხმობდა გალობაში ძლისპირ-ტროპართა რიტმულ-მელოდიური შესატყვისობის დაცვას და მელოდიის ფიქსაციას ტექსტებზე, რაც X ს. დამდეგიდან განხორციელდა ნევმების (ნიშნების) მეშვეობით. ქართ. ჰიმნოგრაფიაში, რ-იც კვალდაკვალ მისდევდა ბიზანტიურს, აგრეთვე დაიწყო ახ. საზომით დაწერილი ბერძნ. საგალობლების თარგმნა, ძვ. თარგმანების გადამუშავება და ამავე საზომებით ორიგინ. საგალობლების წერა. მელოდიათა ფიქსაციისათვის შემუშავდა ორიგინ. ნევმური სისტემა, რ-იც გრაფიკულად განსხვავდება ყველა არსებული სისტემისაგან. ეს სამუშაო მოითხოვდა ბიზანტ. სას. ლექსისა და მუსიკის თეორიის კარგ ცოდნას, გიორგი მთაწმიდლის სიტყვებით, „დასდებლის მეცნიერების“ ცოდნას. კ. კეკელიძის ვარაუდით, მეხური წარმოებული უნდა იყოს ბერძნული echos-დან, რ-იც ხმას ნიშნავს.
ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი ე., „მეხელისა“ და „მეხურის“ გაგებისათვის, კრ. შოთა რუსთაველი – ისტორიულ-ლიტერატურული ძიებანი, თბ., 1966; ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე ზ., მეხელთა მთარგმნელობითი სკოლა: „მეხელი“ და „მეხური“, წგ. ლიტერატურათმცოდნეობა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა, თარგმანი, თბ., 1993; ჯ ღ ა მ ა ი ა ლ., მეხურისა და მეხელის შესახებ, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე, 1962, # 3.
ე. მეტრეველი