მეჰმედ აღა, სილაჰდარ ფუნდუკლულუ მეჰმედ აღა (1658, სტამბოლი, -1724, იქვე), ოსმალო ისტორიკოსი. იგი სულთნის სასახლეში აღიზარდა. ეკავა სხვადასხვა სახელმწ. თანამდებობა. აჰმედ III-ის (1703-30) დროს სილაჰდარად (საჭურველთმტვირთველი) დაინიშნა (1703), მაგრამ მალე გადააყენეს. მან უარი განაცხადა ანატოლიის ერთ-ერთი პროვინციის ვალის შემოთავაზებულ თანამდებობაზე და საერთოდ თავი დაანება სახელმწ. სამსახურს. მ. ა. იწერდა ყველაფერს – გაგონილსა და ნანახს. მან აღწერა სასახლის კარის წეს-ჩვეულებები. სულთან მუსტაფა II-ის (1695-1703) ბრძანებით დაწერა 1654-94 ოსმალეთის ისტორია („ზეილი ფეზლექე“). ეს ნაშრომი „სილაჰდარ თარიხის“ სახელწოდებით 1928 გამოიცა 2 ტომად, ფაქტობრივად ეს თხზულება ქათიბ ჩელების ისტორიის ქრონოლოგიური გაგრძელებაა. მისი მეორე ნაშრომი „გამარჯვების წიგნი“ (ნუსრეთნამე), რ-შიც გადმოცემულია 1695-1721 ამბები, ორიგინალური თხზულებაა და ძვირფას წყაროს წარმოადგენს როგორც ოსმალეთის, ისე რუსეთისა და საქართვ. ისტორიის არაერთი საინტერესო საკითხის გასარკვევად. მ. ა-ს, როგორც პეტრე I-ის თანამედროვე ისტორიკოსს, უხვი ცნობები მოეპოვება რუსეთისა და ოსმალეთის ურთიერთობაზე, იგი უშუალოდ მონაწილეობდა აზოვის ლაშქრობაში. „ნუსრეთნამეში“ მ. ა. ქრონოლოგიურად გადმოგვცემს საქართველოს ამბებს. I ნაკვეთში არის ვრცელი ცნობები რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობის და სხვ. ამბების შესახებ, II და III ნაკვეთებში აღწერილი 1696-97 ამბები ეხება დას. საქართვ. სამეფო-სამთავროების მდგომარეობას და მათ მესვეურთა დამოკიდებულებას ოსმალეთის მოსაზღვრე ფაშებისა და სულთნისადმი. მ. ა. მოგვითხრობს დას. საქართვ. სამეფო-სამთავროების ურთიერთდამოკიდებულების, ოსმალთა ხელისუფლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების, ოსმალეთის შამხალთან ურთიერთობის და სხვა მოვლენების შესახებ. ამას მოსდევს ცნობა ოსმალთა ლაშქრის მიერ ქუთაისის ციხის დანგრევის, ამ ციხის დაცვაში დას. საქართვ. სამეფო-სამთავროების მონაწილეობის, მათი ოსმალეთის ლაშქართან მიმართებისა და მოლაპარაკების შესახებ.
ლიტ.: სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები XIV-XVIII სს. თბ., 1990; შენგელია ნ., XV-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.
ნ. შენგელია