მეჰმედ რაშიდი

მეჰმედ რაშიდი (XVII ს. დასასრ., – 1735), ოსმალო ისტორიკოსი. 1703 დაინიშნა სულთნის კარის ოფიციალურ ჟამთააღმწერლად. იგი მონაწილეობდა სულთნის მიერ მოწყობილ სამხ. ექსპედიციებში და როგორც უშუალო თვითმხილველი ახდენდა მნიშვნ. ფაქტების რეგისტრაციას. სამეფო კარზე მას ეკავა ასევე სხვადასხვა მაღალი თანამდებობა. იყო ალეპოსა და სტამბოლის ყადი, რუმელიის ბეგლარბეგი, ელჩი ირანში და სხვ. მ. რ-მა შეადგინა ისტორია, რ-იც მოიცავს 1660-1722 ამბებს და გადმოცემულია ქრონოლოგიური თანამიმდევრობით. იგი უხვად იყენებს თავის წინამორბედ ისტორიკოსთა თხზულებებში დაცულ ცნობებს. მ. რ. შეიძლება ითქვას, პირველი ჟამთააღმწერელი იყო, რ-საც განსხვავებით თავისი წინამორბედებისაგან, ოსმალეთის იმპერიის საგარეო და საშინაო წარუმატებლობათა შესახებ მოუხდა წერა. თუ აქამდე ოსმალო ისტორიკოსები საქართვ. შესახებ ამბების გადმოცემისას ძირითადად აღმ. საქართვ. ეხებოდნენ, მ. რ. პირველი იყო, რ-იც მხოლოდ დას. საქართვ. ისტორიის გადმოცემით დაკმაყოფილდა. ეს, რა თქმა უნდა, იმ დროის ოსმალეთის საშინაო და საგარეო პოლიტ. მდგომარეობით აიხსნებოდა – 1639 ირან-ოსმალეთის საზავო ხელშეკრულებით აღმ. საქართველო ირანის პოლიტ. გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, ოსმალეთი, რ-იც შიშობდა, ირანს დას. საქართველოზეც არ განეცხადებინა პრეტენზია, დას. საქართველოსა და სამცხე-საათაბაგოს დასჯერდა. მ. რ. მეტად საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ოსმალეთის ურთიერთობის შესახებ. დას. საქართველოს მეფე-მთავრებთან. მ. შ. საინტერესოა ცნობა, რ-იც ეხება 1702-03 მომხდარ ამბებს, როცა ოსმ. ხელისუფლებამ დააპატიმრა გურიის მთავრის (იხ. მამია III გურიელი) მიერ გაგზავნილი ელჩობა, რ-მაც სულთანს საჩუქრად ქალ-ვაჟები მიართვა. ოსმ. ხელისუფლებამ ეს საჩუქარი კანონის დარღვევად მიიჩნია, ქალ-ვაჟები სტამბოლში საჯაროდ გაყიდეს და აღებული თანხა ხაზინაში შეიტანეს, როგორც გურიიდან მიღებული ჯიზია; სულთანი გურიელისგან ხარკის გადახდას ითხოვდა, გურიელი კი ამას თაკილობდა, არავითარ ვალდებულებას არ აღიარებდა და როგორც ტოლი ტოლს, სულთანს საჩუქრებს უგზავნიდა. გურიელის ასეთი მოქმედება ოსმალეთის ხელისუფლებამ შეაფასა როგორც მისი თვითნებური საქციელი და არა ხელდებული ქვეყნის მოვალეობის შესრულება ოსმ. ხელისუფლების წინაშე. მ. რ. ეხება აგრეთვე ჩილდირის ვილაიეთის ადმ. წყობილების და პოლიტ. ისტორიის მომენტებსაც.

ლიტ.: მეჰმედ რაშიდის ცნობები საქართველოსა და ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის შესახებ, ვ. ჩოჩიევის გამოც., თბ., 1976; შენგელია ნ., XV-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.

. შენგელია