„მზე“, ყოველკვირეული ლიტერატურულ-მხატვრული გაზეთი. გამოდიოდა 1908 წ. 6 ოქტ-იდან თბილისში. გამოვიდა 3 ნომერი. გაზეთი აშუქებდა სიტყვაკაზმული მწერლობის, მხატვრობის, მუს. და თეატრის აქტუალურ საკითხებს. დაბეჭდილია ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, შ. არაგვისპირელის, ს. მგალობლიშვილის, ვაჟა-ფშაველას, ა. შანშიაშვილის, დუტუ მეგრელისა და კ. მაყაშვილის ნაწარმოებები; კ. აბაშიძის, ი. გომართელის, ზ. ფალიაშვილის სტატიები; ფელეტონები, ლიტ. სიახლენი და სხვ. რედაქტორ-გამომცემელი ნ. ასათიანი. „მ.“ დაიხურა ადგილ. ხელისუფლების განკარგულებით. შემდეგ მის ნაცვლად იმავე პროგრამით გამოვიდა ჟურნ. „ფასკუნჯი“.