მზე – დედამიწის კავშირებისა და კოსმოსური სხივების ფიზიკა, ჰელიო-და გეოფიზიკურ პროცესებს შორის უშუალო და შუალობითი კავშირების სისტემის შემსწავლელი მეცნიერება. დედამიწა მზისგან ღებულობს სინათლეს და სითბოს, გარდა ამისა დედამიწაზე ზემოქმედებას ახდენს მზისგან წამოსული ულტრაიისფერი და რენტგენის გამოსხივება, კოსმოსური სხივები და მზის ქარი. ამ ფაქტორების სიმძლავრე განისაზღვრება მზის აქტიურობით და იცვლება მასთან ერთად, რაც წარმოშობს პლანეტათშორის სივრცეში, მაგნიტოსფეროში, იონოსფეროში, ნეიტრალურ ატმოსფეროში, ბიოსფეროში, ჰიდროსფეროსა და, შესაძლოა, დედამიწის ლითოსფეროშიც ურთიერთდაკავშირებული მოვლენების ჯაჭვს. სწორედ ამ მოვლენების კომპლექსს შეისწავლის მ.-დ. კ. და კ.ს. ფ. თავის მხრივ დედამიწაც ახდენს გარკვეულ გრავიტაციულ ზემოქმედებას მზეზე, თუმცა ის უმნიშვნელოა, ვინაიდან დედამიწის მასა ბევრად მცირეა მზის მასაზე. საქართველოში ამ სფეროში კვლევები ძირითადად მიმდინარეობს ე. ხარაძის ეროვნ. ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის და მ. ნოდიას გეოფიზიკის ინ-ტებში. იხ. აგრეთვე მზე, მზის ენერგია, მზის დაბნელება და კოსმოსური სხივების ფიზიკა.
ლ. ჭელიძე