მზეთუნახავი, ქართული ხალხური ზღაპრების პოპულარული პერსონაჟი, თვალისმომჭრელი სილამაზის ქალი. მ-ის მხატვრული სახის რაობას იკვლევდნენ მწერლები და მეცნიერები (ა. წერეთელი, ა. ცაგარელი, გ. წერეთელი, ნ. მარი და სხვ.). ნ. მარის მოსაზრებით, ხალხ. ტერმ. „მ.“ უძველესი წარმოშობისა უნდა იყოს. მისი ღვთაებრივი ატრიბუტი – სარკე – ცარგვალს უნდა გამოხატავდეს, თვით ტერმინი კი მზისა და ცთომილთა კოსმოსურ ურთიერთობას. დ. შენგელაია მ-ს ცთომილთან აიგივებს, რ-იც მზეს ვერ ხედავს (ასეთია ბაბილონური იშთარი, ძვ. ბერძნ. აფროდიტე, რ-საც ს.-ს. ორბელიანი „ცისკრის ვარსკვლავთან“ აიგივებს, ის ღამის მეხრეების, შვილიერებისა და ნაყოფიერების ვარსკვლავია).
ლიტ.: კოტეტიშვილი ვ., ხალხური პოეზია, თბ., 1961; ჩოლოყაშვილი რ., უძველესი რწმენა-წარმოდგენათა კვალი ხალხურ ზღაპრულ ეპოსში, თბ., 2004.
თ. ოქროშიძე