მზესუმზირა (ლათ. Helianthus), მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 78-მდე სახეობას. უმრავლესობა მრავალწლოვანია. ერთწლოვანებიდან კულტურაშია ზეთის მ. (H. annuus), მრავალწლოვანებიდან – მიწავაშლა (H. tuberosus). გვხვდება სარეველად და დეკორ. ფორმების სახით. მ-ს სამშობლოა ჩრდ. ამერიკა. გავრცელებულია ყველგან. გვხვდება რუსეთში, უკრაინაში, მოლდავეთში, ყაზახეთში. საქართველოში მისი მოყვანა დაიწყეს XX ს. 20-იან წლებში კახეთში (სიღნაღი, დედოფლისწყარო, გურჯაანი, ლაგოდეხი). მალევე დედოფლისწყაროში აშენდა პირველი ზეთსახდელი ქ-ნა. ზეთის მ-ს ღერო სწორმდგომია და 5 მ-მდე იზრდება, დაფარულია უხეში ბეწვებით. აქვს წაწვეტებულბოლოიანი ოვალურ- გულისებრი დიდი ფოთლები. ყვავილედი კალათაა (დიამეტრი 15-20 სმ). მ. ჯვარედინმტვერიაა, ნაყოფი – წაგრძელებული სოლისებრი თესლურა. შედგება ნაყოფსაფარისა და გულისაგან, რ-იც შეიცავს 29-57% ზეთს. თესლურას ფერი, ფორმა და ზომა ჯიშების მიხედვით სხვადასხვაგვარია. მორფ. ნიშნების მიხედვით განარჩევენ ზეთის, საკნატუნებელ და შუალედურ მ-ს. სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით არსებობს საადრეო, საშუალო-საადრეო და საგვიანო ჯიშები. მცენარეული ზეთის მისაღებად გამოიყენება მ-ს შემდეგი ჯიშები: ალბატროსი, ბუზულუკი, ფლაგმანი და სხვ., საკონდიტრო დანიშნულებით – ალმაზი, ლაკომკა, გიგანტი და სხვ. მ. ტენის, სითბოსა დ სინათლის მოყვარულია, გვალვასაც უძლებს და ხანმოკლე სუსხსაც იტანს. კარგად ხარობს ტენიან, ჰაერ-და წყალგამტარ შავმიწებზე. მ-ს თესვას იწყებენ თებერვლის მეორე ნახევრიდან და ამთავრებენ მარტში (თბილ რეგიონებში შესაძლებელია ზამთრის პირზეც). ნოემბერ-დეკემბერში საქართვ. ბარის სარწყავ ადგილებში საადრეო ჯიშები შეიძლება დაითესოს ზაფხულშიც, როგორც სანაწვერალო კულტურა. მოსავალს იღებენ კალათების ძირითადი მასის (80-90%) მურა-ყვითლად ან მურად შეფერვისას. მ. თაფლოვანი მცენარეა. მის ზეთს იყენებენ კულინარიაში. მ-ს ნაცრისგან მიღებულ პოტასიუმს ხმარობენ ქიმ. მრეწველობაში, ჩენჩოსაგან დამზადებულ ფურფუროლს – პლასტმასის, ხელოვნური ბოჭკოსა და არამტვრევადი მინის დასამზადებლად. ჩენჩოზე 10%-იანი სინთეზური წებოს დამატებითა და დაწნეხით იღებენ მოზაიკურ, ძვირფას საავეჯო ფილებს და სხვ. კოპტონი, ჩენჩო, ბზე და სილოსი ცხოველთა საკვებია. მ. მაღალი ენერგეტიკული ღირებულების პროდუქტია. მარცვლები შეიცავს ვიტამინებს (B, A, E, D), მინერალებს (კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, თუთია, კალიუმი და სხვ.), ცხიმოვან მჟავებს, კაროტინს; ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს, არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს მხედველობას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
მ-ს აზიანებს მ-ის ალურა და ხარაბუზა, ასევე ბოსტანა, იტალიური კალია და სხვ. დაავადებებიდან აღსანიშნავია თეთრი სიდამპლე, ანუ სკლეროტინიოზი, მ-ს ჟანგა, ჭრაქი, ფომოზი და სხვ.
საქართველოში მ-ს ნათესი ფართობი დაახლოებით 5 ათას ჰა ს შეადგენს, საჰექტრო მოსავლიანობა კი – 1 ტ. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში მისი წარმოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2007 წ. (16 ათ. ტ), მას შემდეგ წარმოების მაჩვენებელი მცირდება.
დღეისათვის წარმოების ძირითადი წილი ოჯახურ მეურნეობებზე მოდის, დანარჩენი კი სას.-სამ. საწარმოებს უჭირავთ. ფერმერები ძვ. ჯიშების გარდა დასათესად იყენებენ ახ. ინტროდუცირებულ ჰიბრიდებს. მრავალი საწარმო, მ-ს უშვებს საკონდიტრო დანიშნულებით (მაგ. კომპანია „მაკნატუნა“, „სულარი“, „ლიდერი“ და სხვ.). მ-ს წარმოებას დიდი პოტენციალი აქვს, რადგან ადგილ. ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება მცენარეულ ცხიმზე მოთხოვნა, რაც, ძირითადად, იმპორტის ხარჯზე კმაყოფილდება.
ა. ჯაფარიძე
რ. ძიძიშვილი