„მზე შინა და მზე გარეთა“, ძეობის, ბავშვის დაბადების რიტუალთან დაკავშირებული წარმართული ქართ. ხალხ. ორხმიანი სიმღერა, აგრეთვე საწესო ფერხულ „სამაიას“ ნაირსახეობა. ლექსი უკავშირდება მზის თაყვანისცემასა და ნაყოფიერების კულტს. მონაცვლეობით ასრულებდა 2 ქალი. ამას მოსდევდა ღამისთევა გართობა-თამაშით, რ-შიც მონაწილეობდნენ ქალებიცა და კაცებიც. ხანდახან ისროდნენ თოფს ავი სულების დასაფრთხობად. მესამე დღეს ბავშვის დედას ტახტრევანზე აწვენდნენ. იწყებოდა მილოცვები სიმღერით, სიმღერითვე მიმართავდნენ მზეს: „მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო...“, რ-ის ფონზეც ცეკვავდნენ ფერხულს. სასიმღერო რიტმის მიხედვით (გურული 6/8, მეგრული 2/4) ცეკვა ნარნარი ხასიათისა უნდა ყოფილიყო. ძეობის რიტუალი 2 კვირას გრძელდებოდა. ცნობილია საძეობო სიმღერის მრავალი ვარიანტი. მათში მეტ-ნაკლებადაა დაცული ძვ. სარიტუალო წესის ელემენტები (მაგ. ცხვრის მსხვერპლშეწირვა). ამ სიმღერას ასრულებდნენ, ასევე, სახადით ავადმყოფობისას და ბავშვის დაძინებისას ჩონგურის ან ჭიანურის თანხლებით.
ლიტ.: ბარდაველიძე ვ., ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული რიტუალი მთიან ქართლში, „საქართველოს მუზეუმის მოამბე“, 1927-1928; ტ. 4; თეიმურაზ მეორე, სარკე თქმულთა, თხზ. სრ. კრ., თბ., 1939; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938.
გ. ჩხიკვაძე