მზის ენერგია

მზის ენერგია, მზის ცენტრში მიმდინარე თერმობირთვული სინთეზის პროცესში გამოყოფილი ენერგია, რომელიც შემდგომ გამოსხივდება მზის ზედაპირიდან. ამ გამოსხივების სრული სიმძლავრეა 3,8∙1023 კვტ. დედამიწის ატმოსფეროს საზღვრამდე აღწევს 1,7∙1014 კვტ – მზის მიერ გამოსხივებული ენერგიის მემილიარდედზე ნაკლები. აქედან მნიშვნელოვან ნაწილს აირეკლავს ატმოსფერო და ღრუბლები, დედამიწის ზედაპირს კი ეცემა 0,7-1,2∙1014 კვტ, რაც შეესაბამება დაახლოებით 1015 კვტ.სთ ენერგიას წელიწადში. ზედაპირის 12 ფართობზე დაცემული სიმძლავრე – ინსოლაცია – ძლიერ განსხვავდება გეოგრ. რეგიონისა და წელიწადის დროთა მიხედვით და საშუალოდ შეადგენს 0,5–1კვტ-ს. მ. ე. სხვადასხვა (მ. შ. ფოტოსინთეზის) პროცესში გარდაქმნების შედეგად ხდება დედამიწაზე არსებული ყველანაირი ენერგიის წყარო (გამონაკლისია ატომბირთვული, ნაწილობრივ გეოთერმული ენერგიები), კერძოდ, ბიო- და წიაღისეული (ხეტყე, ტორფი, ქვანახშირი, ნავთობი) სათბობის, ჰიდროენერგიის, ქარისა და სხვ. მას ხშირად განიხილავენ როგორც ენერგიის პრაქტიკულად ამოუწურავ წყაროს და მიაკუთვნებენ განახლებადი წყაროების კატეგორიას. თანამედროვე ტექნოლოგიით აგებული კოლექტორი, რ-საც იყენებენ მ. ე-ის თბოენერგიად გარდაქმნისთვის, 1908 გამოიგონა უ. ბეილიმ (აშშ). ელექტრო­ენერგიად მ. ე-ის პირდაპირი გარდაქმნის პრინციპი XXს. დასაწყისში იყო ცნობილი, მაგრამ მისი გამოყენება აქტიურად მხოლოდ საუკუნის მიწურულს დაიწყო (იხ. სტ. თბოენერგეტიკა). 2020 მონაცემებით მსოფლიოში მზის ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე აჭარბებს 7,6∙108კვტ-ს, ხოლო ელექტროენერგიის წლ. გამომუშავება 1,95.∙1012 კვტ სთ-ზე მეტია (ელექტროენერგიის სრული მსოფლიო გამომუშავების 7,2%). ამ სფეროში წამყვან ქვეყნებს შორისაა ჩინეთი, ინდოეთი, მექსიკა, აშშ, არაბთა გაერთიანებული ემირატები, გერმანია, ესპანეთი, იაპონია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ავსტრალია. ამასთანავე მ. ე-ის საფუძველზე წარმოებული ელექტროენერგიის ღირებულება გერმანიაში, ავსტრალიაში, აშშ-ში, ესპანეთსა და იტალიაში გაუტოლდა ქვანახშირის მრეწველობაში გამომუშავებულს, ხოლო ჩინეთში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაში – უფრო იაფი გახდა.

საქართველო მისი გეოგრ. მდებარეობის გამო მ. ე-ით მდიდარია. მ. ე-ის თეორ. რაოდენობა, რ-იც ჩვენს ტერიტორიაზე ხვდება წლის განმავლობაში, შეესაბამება დაახლ. 32,5 მლრდ. პირობით სათბობს, რაც თითქმის 1600-ჯერ აღემატება ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოხმარების ახლანდ. დონეს. საქართვ. უმეტეს რეგიონში მზის ნათების წლ. ხანგრძლივობა მერყეობს 200-იდან 250 დღემდე; უფრო მზიანია აღმ. საქართველო. მზის ნათების ყველაზე მაღალი წლ. მაჩვენებელი აღინიშნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. როდიონოვკაში (2633 სთ), ყველაზე დაბალი – საირმეში (1147 სთ). ჰორიზ. ზედაპირის 1 2 ფართობზე მზის ჯამური (პირდაპირი და გაბნეული) რადიაციის მნიშვნელობები საქართვ. ზოგიერთი რეგიონისთვის ნაჩვენებია ცხრილში. სითბოს (გამთბარი წყლის) სახით აკუმულირებული მ. ე. ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია მოიხმარება. ცხელი წყლის კოლექტორების დამონტაჟება 1980-იდან დაიწყეს. მათი რიცხვი XXI ს. დასაწყისში 50 ათასს აჭარბებს. ეს კოლექტორები გამოიყენება კომუნ. საჭიროებისათვის ცხელი წყლით მოსამარაგებლად, გათბობის მიზნებისთვის და ა. შ. მ. ე-ის ელექტროენერგიად გარდასაქმნელად ასევე ხშირად ახდენენ მის აკუმულირებას გადახურებული ორთქლის ენერგიის სახით, რ-საც შემდგომ გარდაქმნიან ელექტროენერგიად თბოელექტრული გენერატორების მეშვეობით. XXI ს-ში ფართოდ გავრცელდა მ. ე-ის ელექტროენერგიად პირდაპირი გარდამქმნელები (ფოტოელექტრული გარდამქმნელები). ამ მეთოდს იყენებს, მაგ., თბილისის საერთაშ. აეროპორტი, ილიას უნ-ტი და სხვ.

ცხრილი

ჰორიზონტალურ ზედაპირზე ჯამური (პირდაპირი და გაბნეული) რადიაცია ღრუბლიანობის რეალურ პირობებში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 106 მეგჯ/2 (106 კვტ. სთ/2).

 

ადგილი / თვე

I

II

III

IV

V

VI

VII

VIII

IX

X

XI

XII

საშ. წლიური

ჯვრის უღელტეხილი

276

348

536

603

590

586

624

595

423

348

272

222

5 423 (1506)

თბილისი

165

226

366

487

594

660

678

609

450

301

171

138

4 845 (1346)

თელავი

180

261

388

496

642

706

718

654

480

333

203

163

5 224 (1451)

სოხუმი

159

220

360

471

610

700

680

624

494

337

201

136

4 992 (1387)

ანასეული

168

240

360

473

585

596

546

532

419

325

206

155

4 605 (1279)

წალკა

230

297

446

492

572

636

662

588

434

368

226

194

5 145 (1429)

 

. ჩომახიძე

. ლომიძე