„მზიური“, ბავშვთა პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი. დაარსდა 1970 თბილ. პიონერთა სასახლეში (ამჟამად, საქართვ. მოსაწავლე-ახალგაზრდობის ეროვნ. სასახლე), ხელმძღვ. – ღ. კაზარიანი, შემდგომ – გ. ჯაიანი (დღემდე). ანსამბლში შედიოდნენ მხოლოდ 14 წლამდე ასაკის გოგონები, მ. შ.: თ. ჭოხონელიძე, თ. გვერდწითელი, მ. ჯაბუა, ე. კახიანი, თ. კონტრიძე და სხვ. „მ-მა“ პირველი შემადგენლობით იარსება 1992-მდე. ანსამბლი განაგრძობს არსებობას ახალი შემადგენლობით. მის რეპერტუარშია: მუს. სპექტაკლი „ჩვენი მეგობარი ბურატინო“ (კომპ. ა. რიბნიკოვი; 1978), „სათაგური“ (კომპ. ვ. დურგლიშვილი; 1982), ქართვ. და უცხოელ კომპოზიტორთა სიმღერები. მათ გასტროლებით მოიარეს 30-ზე მეტი ქვეყანა. ანსამბლი მრავალი კონკურსის ლაურეატია (სატელევიზიო საბავშვო კონკურსი «Весёлые Нотки»; ახალგაზრდული და სტუდენტური XII მსოფლიო ფესტივალი მოსკოვში, 1985; ბელგრადის საერთაშ. ფესტივალი „ევროპის სიხარულები“ იუგოსლავიაში, 1986). მისი სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა თბილ. დიდი საკონცერტო დარბაზის წინ (2010). „მ-ზე“ გადაღებულია დოკუმენტური ფილმები, მუს. მხატვრული ფილმი „მზიური“ (რეჟ. ზ. კაკაბაძე. 1973).
ლიტ.: ლონდარიძე ე., პოეზიისა და მუსიკის ჰარმონიული სინთეზი, „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1983, 02.12; ნაცვალაძე მ., მსოფლიოში პირველი, „მუსიკა“, 2010, №3; Алексидзе Г., В ансамбле только девочки, «Заря Востока», 1974. 24.- 11.