მზრუნველობა, უწესდება შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს და არასრულწლოვანს 7-იდან 18 წლამდე. სასამართლომ მ. შეიძლება დაუწესოს სრულწლოვან, შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ მიჩნეულ პირს, რ-იც ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მზრუნველს ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო – სსიპ სახელმწ. ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო არაუგვიანეს ერთი თვისა იმ დროიდან, როდესაც ამ ორგანოსათვის ცნობილი გახდება მეურვეობის ან მ-ის დაწესების აუცილებლობა. მზრუნველის არჩევისას მხედველობაში მიიღება მისი პიროვნული თვისებები, მოვალეობის შესრულების უნარი, დამოკიდებულება სამზრუნველო პირთან მისი ინტერესების გათვალისწინებით, ასევე მშობლის ან მამკვიდრებლის მითითება. მზრუნველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რ-საც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია, სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად არ ცნო, ჩამოერთვა მშობლის უფლება, ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო, მზრუნველის მოვალეობისაგან გათავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.
მზრუნველის მოვალეობები სრულდება უსასყიდლოდ.
მზრუნველს უფლება აქვს სასამართლო წესით მოითხოვოს სამზრუნველო არასრულწლოვანის დაბრუნება ყველა იმ პირისგან, ვინც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე.
შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
7-იდან 18 წლამდე არასრულწლოვანი ისეთ გარიგებას, რ-ის დამოუკიდებლად დადების უფლებაც მას კანონით არა აქვს, დებს მზრუნველის თანხმობით.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე მზრუნველს უფლება არა აქვს სამზრუნველო პირის სახელით დათანხმდეს გარიგების დადებაზე, რ-იც შეეხება ქონების გასხვისებას, დაგირავებას, ათ წელზე მეტი ვადით გაქირავებას, თხოვებას ან სხვა სავალო ვალდებულებათა გაცემას, თამასუქის, სამეურვეო ან სამზრუნველო პირის კუთვნილ უფლებებზე უარის თქმას, სამეწარმეო საზ-ბაში პარტნიორად შესვლას, სესხის აღებას, ქონების გაყოფას ან სხვა ქმედებას, რ-საც შედეგად მოჰყვება ქონების შემცირება.
მზრუნველი ვალდებულია არჩინოს სამზრუნველო პირი, შეუქმნას მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყოს მისი მოვლა და მკურნალობა, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები.
მზრუნველი შეიძლება იყოს სამზრუნველო პირის კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოში და ცხოვრობდეს მასთან ერთად. მზრუნველი ვალდებულია საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შესახებ აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
მ. შეწყდება სამზრუნველო პირის გარდაცვალებით, სრულწლოვან-ების ასაკის მიღწევისას, დაქორწინებისას ან ქმედუნარიანობის აღდგენისას.
წყარო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხ. 1277, საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი #3076.
ი. უჯმაჯურიძე