მთავარანგელოზობა

 მთავარანგელოზობა, მთავარანგელოზებისა და სხვა ზეციურ უხორცო ძალთა კრების დღესასწაული. აღინიშნება 8(21) ნოემბერს. საქართველოში მ. რომ დიდად პატივდებული დღესასწაული იყო, ამას მოწმობს მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი (მარტყოფის, ალგეთის, ჯუმათის, ონის, გლდანის, ქვედა საზანოს, სართიჭალის, გრემის, შუამთის, ერკეთის, დიმის და სხვ.). დღესასწაული დაწესდა ლაოდიკიის საეკლ. კრებაზე (დაახლ. 363-364), რ-მაც დაგმო ანგელოზების, როგორც ღვთაებების თაყვანისცემა და მათდამი მართლმადიდებლური წესით პატივის მიგება დაადგინა.

მთავარანგელოზთა ხალხ. კულტი ფართოდ იყო გავრცელებული მთელ საქართველოში, აფხაზეთის ჩათვლით, ასევე კავკასიაში (ოსეთი), რაც მისი ეპითეტების სიმრავლეშიც აისახა: „ხელმწიფე“ (აღმ. საქართვ. მთა), „თარინგზელ“ (სვან.), „თარგიალაზ“, „მთვრგიალაზ,“ (აფხ.), „თარანჯელოზ“, „მიქალ გაბირთა“ (ოსეთი) მ-ს იმართებოდა დიდი დღეობა – მოჰქონდათ საკლავ-საწირი და შესთხოვდნენ ვაჟიანობას, მოსავლის სიუხვეს, საქონლის დაცვა-გამრავლებას, ოჯახის კეთილდღეობას, ომიანობისას მტერზე გამარჯვებას. კავკასიაში მ-ის კულტის გავრცელებას თამარ მეფის ეპოქას და მთავარანგელოზების სახელზე ეკლესიების შენებას უკავშირებენ. მ-ის კულტი ნართების ეპოსშიცაა ასახული.

ლიტ.: ანთელავა ნ., კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები, თბ., 2017; ოჩიაური ა., ქართული ხალხური დღეობების კალენდარი, თბ., 1988.

. ეკალაძე