ეზიდიზმი

მალაქ-ტაუსი. ეზიდიზმის სიმბოლო

ეზიდიზმი, ი ე ზ ი დ ი ზ მ ი (ქურთ. ე ზ დ ი ა ტ ი), ეზიდების ტრადიციული, ნაციონალური რელიგია. მისი წარმომავლობისა და ჩამოყალიბების შესახებ არ არსებობს მეცნიერთა ერთიანი აზრი. ცხადია ის, რომ ე. ერთ-ერთი ძვ. აღმ. რელიგიაა, რ-იც შუამდინარეთის უძველეს კულტებთან ამჟღავნებს კავშირს. იგი საუკუნეების განმავლობაში, საკუთრივ ქურთულ სივრცეში, უძველესი ხალხ. წარმოდგენების საფუძველზე ვითარდებოდა. მიიჩნევენ, რომ ე-ს დასრულებული სახე შეიხმა ადი იბნ მუსაფირმა (XII ს.) მისცა. სავარაუდოდ, ე. მაზდეანობის (იხ. ზოროასტრიზმი) გავლენით ჩამოყალიბდა, თუმცა მათ შორის ფუნდამენტური განსხვავება არსებობს. ამავე დროს ე-ში ასახულია იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის ელემენტები. ე. მონოთეისტურ რელიგიად ჩამოყალიბდა – აღიარებენ ერთიან ღმერთს, თაყვანს სცემენ მთავარანგელოზს – მალაქტაუსს (ანგელოზთა სიმბოლოდ ფარშევანგი ითვლება) და მზეს. იყოფიან საერო (მურიდები) და სას. (თარიყები, რუჰანი) კასტად. სას. კასტა შედგება მაღალი წოდებისა (ემირი, შეიხი, ფირი) და დაბალი წოდებისაგან (ყავალი). ცნობები მათი საზ. წყობისა და რელიგ. შესახებ გადმოცემულია მათსავე რელიგ. წიგნებში: „გამოცხადების წიგნი" („ქითაბი", „ჯილვა"), „შავი წიგნი" („მასხავი რაში"), რ-ებიც საიდუმლო შრიფტითაა დაწერილი. ე-ის საკულტო ნაგებობაა ლალიშის ტაძარი და იქვე დაკრძალული შეიხ ადი იბნ მუსაფირის საფლავი (ერაყის ქურთისტანი). საქართველოში ე-ის საკულტო ნაგებობა არ არსებობს. მსახურება და რელიგ. დღესასწაულები ოჯახებში აღესრულება.

ლიტ.: ნ ა დ ი რ ა ძ ე  ე., მსოფლიოს რელიგიები, თბ., 2005; რელიგიები საქართველოში, თბ., 2008.

თ. მარგველაშვილი