ალექსანდრე ნადირაძე

ა. ნადირაძე

ალექსანდრე ნადირაძე (1914-1987), რუსეთში მოღვაწე მეცნიერი გამოყენებითი მექანიკისა და მანქანათმშენებლობის დარგში. საბჭოთა კავშირში სარაკეტო მშენებლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1981). ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში. დაიბადა საქართველოში, ქ. გორში. დაამთავრა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი (1940). იყო ჟუკოვსკის სახ. აეროჰიდროდინამიკური ცენტრალური საავიაციო ინსტიტუტის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარი კონსტრუქტორი და უფროსი, ხოლო 1958 წლიდან - მსხვილი სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო კოლექტივის მთავარი კონსტრუქტორი და ხელმძღვანელი. 1950 წლიდან მუშაობდა საზენიტო ყუმბარის - "სტრიჟის" შექმნაზე, 1951 წლიდან - რადიომართული ფუგასური ბომბით – УБ-2000Ф-ით აღჭურვილ საავიაციო კომპლექსზე "ჩაიკა". ა. ნადირაძის კვლევის ძირითადი მიმართულება იყო საფრენი აპარატების მექანიკა. მან შექმნა გრუნტის მოძრავი სარაკეტო კომპლექსები, აღჭურვილი მყარ საწვავზე მომუშავე ბალისტიკური რაკეტებით; დაამუშავა საფრენი აპარატების რთული სისტემების აგების თეორიული და ტექნიკური პრინციპები. ლენინური პრემიის ლაურეატი (1966).

ა. ნადირაძე მოსკოვში გარდაიცვალა. დაკრძალულია ნოვო-დევიჩის სასაფლაოზე.