პეტრე იბერი

პეტრე იბერი (411-491), თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი. ერისკაცობაში მურვანი (სირიული წყაროებით - ნაბარნუგი), იყო იბერიის მეფის ბუზმირის შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი. მის აღმზრდელად კოლხეთიდან მოუწვევიათ მითრიდატე ლაზი. მურვანი ამალითურთ 423 წელს ბიზანტიის კეისრის თეოდოსიუს II-ის (408–450) მოთხოვნით მძევლად წაიყვანეს კონს­ტანტინოპოლში, სადაც მის სწავლა-აღზრდას მითრიდატე ლაზთან ერთად ხელ­­მძღვანელობდა კეისრის მეუღლე დედოფალი ევდოკია. მურვანმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. იერუსალიმში ყოფნისას მან შეისწავლა სირიული ენა და მწერლობა. აქვე მოგვიანებით მურვანი და მითრიდატე აღიკვეცენ ბერებად, გამოიცვალეს სახელები (მურვანი - პეტრე, ხოლო მითრიდატე - იოანე). 445 წელს ისინი აკურთხეს მღვდლებად. 452 წელს პეტრე იბერი მაიუმის (ღაზის მახლობლად) ეპისკოპოსად დანიშნეს. იგი ეწეოდა ფილოსოფიურ-თეოლოგიურ მოღვაწეობას, გახდა ერთ-ერთი უსაჩინოესი წარმომადგენელი V ს. II ნახ. ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზროვნებისა. იერუსალიმში პეტრე იბერმა ააშენა ქართველთა მონასტერი და შექმნა სკოლა, რომლის ბირთვს სირიაში მყოფი ქართველები შეადგენდნენ. პეტრე იბერის ბიოგრაფების მიერ მოწოდებული ცნობების საფუძველზე ქართველმა მეცნიერმა შ. ნუცუბიძემ და ბელგიელმა მეცნიერმა ე. ჰონიგმანმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, იგი მიიჩნიეს ფილოსოფიური ტრაქტატების კრებულის - არეოპაგიტიკის ავტორად. პეტრე იბერი, როგორც წმინდანი, XII საუკუნიდან შეტანილია საქართველოს საეკლესიო კალენდარში.