კალისტრატე სალია

კალისტრატე სალია (1901-1986), ისტორიკოსი, ქართველოლოგი. ოსლოს უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1965), ხმელთაშუა ზღვის აკადემიის წევრი (1968), საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო უცხოელი წევრი (1977), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1983). დაიბადა საქართველოში, სოფ. ჯვალში. 1920 წლიდან სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში. 1921 წელს უცხოეთში გაემგზავრა. დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტთან არსებული გერმანული ენის ინსტიტუტი. 1924 წელს საფრანგეთში გადასახლდა. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის ისტორია-ლიტერატურის ფაკულტეტი (1927). 1948 წლიდან მეუღლესთან - ნ. სალია-ქურციკაშვილთან ერთად გამოსცემდა ჟურნალს "ბედი ქართლისა". იკვლევდა საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებს ("ბაგრატიონთა დინასტიის წარმოშობა", "ქართუ­ლი ლიტერატურა", "საქართველო", "სა­ქართველოსა და ბიზანტიის ურთიე­რთობის მოკლე მიმოხილვა"). უცხოურ ენციკლოპედიებში ბეჭდავდა წერილებს საქართველოს შესახებ, დახმარებას უწევდა უცხოელ ქართველოლოგებს. იყო სააზიო, ლინგვისტური, ისტორიის, ბიზანტინისტიკის და სხვ. სამეცნიერო საზოგადოებათა წევრი, მეცნიერული პრესის საერთაშორისო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1964-იდან). მის ნაშრომს "ქართველი ერის ისტორია" (1980), მიენიჭა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის პრემია.

კ. სალია გარდაიცვალა პარიზში. მისი ფერფლი დიდუბის მიწას მიაბარეს.