სულეიმან ფაშა ბუიუქი (1722-1802), ბაღდადის ფაშა (1780-1802). მისი ზეობა ითვლება ოქროს ხანად ერაყის მამლუქთა ისტორიაში. იგი ახალგაზრდობისას საქართველოდან ოსმალეთში ტყვედ გაყიდეს. მარდინის გამგებელმა მუჰამად ეფენდი ბეგმა იგი ბაღდადში ჩაიყვანა და ერაყის გამგებელს, წარმოშობით ქართველ სულეიმან აბუ-ლაილას უფეშქაშა. იგი აბუ-ლაილამ თავისი თანამემამულე მამლუქთაგან დაკომპლექტებულ რჩეულ სამხედრო რაზმში ჩარიცხა და დააწინაურა. 1765 წელს ბასრის გამგებლად დანიშნეს. 1780 წელს იგი ერაყის ხელისუფლებას ჩაუდგა სათავეში და ოცდაორ წელს განაგებდა. თავისი კლანის გასაძლიერებლად მან ერაყში დიდძალი ქართველი შემოიყვანა, განამტკიცა ბატონობა დაქსაქსულ მამლუქებზე და შეზღუდა იანიჩართა გავლენა. მისი პოლიტიკის ძირითადი მიმართულება იყო ერაყის გაძლიერება, ირანელთა თავდასხმებისა და არაბ ტომთა გამუდმებული თარეშის აღკვეთა, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ურთიერთობა ევროპასთან. იგი იყო ქულემენების ქართული დინასტიის ფუძემდებელი ერაყში.