ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) (1896-1974), ამერიკელი ავიაკონსტრუქტორი. ამერიკის ავიაციის პიონერთაგანი. დაიბადა საქართველოში, ქ. თბილისში. 1914 წელს დაამთავრა საარტილერიო სასწავლებელი. I მსოფლიო ომის დროს მსახურობდა არტილერიაში, ამავე პერიოდში დაინტერესდა ავიაციით. 1919 წელს საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად. საქართველოს ანექსიის შემდეგ იგი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. 1922 წელს დაამთავრა საფრანგეთის უმაღლესი ავიაციის სკოლა. ერთხანს მუშაობდა მფრინავ-გამომცდელად ლუი ბერიოს ფირმაში, თუმცა ავარიაში მიღებული ტრავმების გამო მისი, როგორც მფრინავის, კარიერა არ შედგა. იგი მონაწილეობდა საინსტრუქტორო კომპანიაში "Societe Industrielle" თვითმფრინავების "Bernard" და "Ferbois"-ის შექმნაში. 1924 წელს მისი მონაწილეობით შექმნილმა თვითმფრინავმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიჩქარეში. 1927 წელს ა. ქართველი ამერიკელმა მილიონერმა ჩარლზ ლევაინმა ნიუ-იორკში მიიწვია. 1928 წელს მუშაობდა კომპანიაში "Fokker Amerikan Company". 1931 წელს ალექსანდრე სევერსკიმ (ამერიკელი ავიაკონსტრუქტორი) მიიწვია კომპანიაში "Seversky Aircraft Corporation" (1939 წლიდან _ "Republic Aviation Company") მთავარ ინჟინრად. II მსოფლიო ომის წლებში შექმნა ავიაგამანადგურებელი "P–47 Thunderbolt", რომელსაც იყენებდნენ როგორც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები, ისევე მისი მოკავშირეები. ქართველის მიერ ომის შემდეგ შექმნილი თვითმფრინავებია "F–84 Thunderjet" და "F–1057 Thunderchief".
ა. ქართველი გარდაიცვალა ნიუ-იორკში.