ქეთევან დედოფალი

ქეთევან დედოფალი (გარდ. 12. IX. 1624), კახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე, კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის დედა. შაჰ აბას I-ის მიერ კახეთის ტახტზე 1606 წელს მცირეწლოვანი თეიმურაზის დამტკიცების გამო სამეფო საქმეებს ფაქტობრივად ქეთევან დედოფალი განაგებდა. 1614 წელს, შაჰ აბას I-ის მოთხოვნით თეიმურაზმა მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და ქეთევან დედოფალი, რომელიც განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 წელს კი შირაზში გაგზავნეს. თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა დედოფლის განთავისუფლება. მაშინ შაჰმა ფარსის ბეგლარბეგს, შირაზის ხანს იმამყული ხანს, წარმოშობით ქართველს, დედოფლის გამაჰმადიანება ან წამებით მოკვლა უბრძანა. ბეგლარბეგი, რამდენადაც შესაძლებელი იყო, აგვიანებდა ბრძანების შესრულებას. დედოფალმა ისლამის მიღებაზე მტკიცე უარი განაცხადა, თუმცა იცოდა, რაც ელოდა. "ვერავითარი ტანჯვა და წამება ვერ მაიძულებს დავთმო ქრისტიანული სარწმუნოება და შევბილწო ჩემი ზნეობა" - განაცხადა მან. 1624 წლის 12 სექტემბერს ქეთევან დედოფალი საშინელი წამებით მოკლეს. წმ. ავგუსტინეს ორდენის ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის წმიდა ნაწილები სპარსეთიდან გაიტანეს. შემდეგ ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის ტაძარში, დაიკარგა 1723), ინდოეთში (გოა, და-გრასას მონასტერი), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარში). ქეთევან დედოფალი ქრისტიანული სარწმუნოების დამცველის სიმბოლოდ იქცა და არა მარტო საქართველოსთვის - იტალიელმა მოგზაურმა პიეტრო დელა ვალემ, იტალიელმა მისიონერმა არქანჯელო ლამბერტიმ, პორტუგალიელმა მისიონერებმა და სხვა უცხოელებმა, მთელ ევროპას მოჰფინეს ქეთევან დედოფლის უმაგალითო თავდადების ამბავი. დედოფლის წამება აღწერა შვილმა, მეფე თეიმურაზ I-მა პოემაში "წამება ქეთევან დედოფლისა", გრიგოლ დოდორქელმა (ვახვახიშვილი), ასევე გ. ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ, ჟ. კრუზინსკიმ, კ. მალენგრმა და სხვ.; გერმანელმა მწერალმა ა. გრიფიუსმა მას მიუძღვნა ტრაგედია -"ქეთევან ქართველი, ანუ გაუტეხელი სიმტკიცე".

ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ 26 სექტემბერი დაწესდა.