სამსონ ქუთათელაძე (1914–1986), მეცნიერი თბოფიზიკის, ჰიდროდინამიკისა და ენერგეტიკის დარგში. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979). დაიბადა პეტროგრადში. დაამთავრა ლენინგრადის თბოტექნიკუმი (1932) და ლენინგრადის ინდუსტრიული ინსტიტუტი (1936). 1932-58 წლებში მუშაობდა ი. პოლზუნოვის სახ. ქვაბტურბინის ცენტრალურ ინსტიტუტში, 1958 წლიდან _ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილებაში; იყო ამავე აკადემიის თბოფიზიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1964 წლიდან - დირექტორი). ს. ქუთათელაძის შრომები ეძღვნება თბოგადაცემის თეორიის, ტურბულენტური სასაზღვრო შრის თეორიის, აირსითხიანი სისტემების ჰიდროდინამიკის საკითხებს. 1976 წელს გახდა ი. პოლზუნოვის სახ. პრემიის ლაურეატი, ხოლო 1983 წელს - სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ს. ქუთათელაძე გარდაიცვალა მოსკოვში, დაკრძალულია ნოვოსიბირსკში, სადაც იგი ცხოვრობდა. ნოვოსიბირსკში რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების თბოფიზიკის ინსტიტუტი მის სახელობისაა.