ეგორ ჩელიევი (ჭელიძე) (1771–1829), ცემენტის გამომგონებელი. დაიბადა სარატოვის გუბერნიაში. ახალგაზრდობაში სარატოვში მუშაობდა მიწისმზომლად. 1800 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში. 1800-17 წლებში იყო მოსკოვის მიწისმზომელი, 1817-21 - მოსკოვის სამხაზველო კომისიის დირექტორი, ხოლო 1821-25 წლებში მოსკოვის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული სახელოსნოების უფროსი. მისი საქმიანობა ეხებოდა 1812 წლის ხანძრის შემდეგ გადამწვარი მოსკოვის დაგეგმარებისა და აღდგენის საკითხებს. 1825 წელს ე. ჩელიევმა რუსულ ენაზე გამოაქვეყნა წიგნი - "სრული დარიგება იმაზე, თუ როგორ დავამზადოთ იაფი და საუკეთესო მერტელი ანუ ცემენტი, რომელიც ფრიად მტკიცეა წყალქვეშა ნაგებობებისათვის...", რომელშიც აღწერილია მის მიერ გამოგონებული ცემენტის შედგენილობა და დამზადების მეთოდი. ამავე პერიოდში ინგლისელმა მეცნიერმა ჯ. ასპინდმა პატენტის მისაღებად წარადგინა გამოგონება ხელოვნურ ჰიდრავლიკურ ცემენტზე. ამგვარად, ე. ჩელიევმა და ჯ. ასპინდმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გამოიგონეს ცემენტი, რომელიც თანამედროვე ცემენტის წინაპარია. ე. ჩელიევის გამოგონება იმ გამოგონებათა შორისაა, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო.
ე. ჩელიევი მოსკოვში გარდაიცვალა.