ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბაქი) (დაახლ. 1585–1658), პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის ერთ-ერთი გამომცემელი. რვა წლისა სწავლა-განათლების მისაღებად გააგზავნეს იტალიაში, სადაც ბერძნულ სკოლაში მიებარა სასწავლებლად. იქვე აღიკვეცა ბერად. დაახლოებით 1608 წელს საქართველოში დაბრუნდა და კახეთის მეფის - თეიმურაზ I-ის კარის მოძღვარი გახდა. 1614 წელს იერუსალიმში წავიდა. 1625 წელს თეიმურაზ I-ის დავალებით დიპლომატიური მისიით გაემგზავრა ევროპაში. რომში იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართული ბეჭდვითი წიგნის გამოცემაში. 1629 წელს მისი დახმარებით ჩამოისხა ქართული ანბანი, შემუშავდა და გამოიცა ქართულ-იტალიური ლექსიკონი (პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი), შემდეგ - "ლოცვანი" ქართულ ენაზე. 1629 წელს ნ. ჩოლოყაშვილი საქართველოში დაბრუნდა, მეტეხის ეკლესიის წინამძღვარი გახდა. 1643-49 ნ. ჩოლოყაშვილი იერუსალიმში ქართველთა ჯვრის მონასტრის წინამძღვარი იყო. 1650 წელს ისევ საქართველოში დაბრუნდა. იყო იმერეთის სამეფო კარზე ლევან II დადიანთან. 1657 წელს, ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ, ვამეყ III-მ თავის სხვა მოწინააღმდეგეთა შორის ჩოლოყაშვილიც შეიპყრო და იგი საპყრობილეში გარდაიცვალა. მისი მრავალმხრივი მოღვაწეობა მიმართული იყო საქართველოს პოლიტიკური და კულტურული აღორძინებისაკენ.