დავით ჩუბინაშვილი (1814–1891), ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე. პეტერბურგის უნივერსიტეტის პირველი ქართველი პროფესორი, რუსეთის გეოგრაფიული (1860-იდან) და საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოებების (1869-იდან) წევრი, ფილოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი. დაიბადა საქართველოში, ქ. თბილისში. 1839 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური სიტყვიერების ფაკულტეტი და 1840 წელს დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს თარჯიმნად. 1844 წელს იგი მიიწვიეს პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართული ენის მასწავლებლად. 1855-71 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტში ახალდაარსებული ქართული ენისა და სიტყვიერების კათედრის გამგე და პროფესორი. დ. ჩუბინაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა 1840 წლიდან დაიწყო. ცნობილია მისი "ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი" (1840); "რუსულ-ქართული ლექსიკონი" (1846), რომელსაც წაუმძღვარა ქართული ენის გრამატიკის ნარკვევი; "ქართულ-რუსული ლექსიკონი" (1887-91). დ. ჩუბინაშვილმა დიდი შრომა გასწია ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა შესწავლა-გამოცემაში, მონაწილეობდა "ვეფხისტყაოსნის" 1841 წლის გამოცემაში; წვლილი მიუძღვის აგრეთვე ი. ბარტდინსკის მიერ პოემის პოეტური თარგმანის მომზადებაში (1845). აღწერილი აქვს იერუსალიმის ქართული სიძველეები, პირველმა მოგვაწოდა ცნობა ქართველთა ჯვრის მონასტერში რუსთაველის ფრესკის შესახებ.
დ. ჩუბინაშვილი გარდაიცვალა პეტერბურგში.