ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (1864-1926), საქართველოს და რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, ქართული და რუსული მენშევიზმის ერთ-ერთი ლიდერი. სწავლობდა ნოვოროსიის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფა­კულტეტზე, მაგრამ არ დაუმთავ­რებია, რადგან სტუდენტთა მოძ­­რაობაში აქტიური მონაწილეობისათვის გარიცხეს. 1907 წლიდან იყო რუსეთის III და IV სახელმწიფო სათათბიროების (სახელმწიფო დუმის) დეპუტატი თბილისის გუბერნიიდან, მენშევი­კების ფრაქციის ხელმძღვანელი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემ­დეგ, თებერვალ-აგვისტოში, იყო მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტა­ტების პეტროგრადის საბჭოს თავმ­ჯდომარე. 1917 წლის აგვისტოში სახელმწიფო თათბირზე გამოდიოდა დემოკრატიული ხელისუფლების განმტკიცების მხარდაჭერით. ოქტომბრის რევოლუციის წინ იგი პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა. 1918 წელს აირჩიეს ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარედ, ხოლო 1919-21 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. ხუთი წლის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კ. ჩხეიძე დაკრძალეს პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.