ივანე ჯავახიშვილი (1876-1940), ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939). ქართული უნივერსიტეტის დაარსების მოთავე. დაიბადა ქ. თბილისში. უმაღლესი განათლება პეტერბურგში მიიღო - დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი (1899). იმავე წელს დატოვეს უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1898 წელს, ნაშრომისათვის "ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში" პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ი. ჯავახიშვილი ოქროს მედლით დააჯილდოვა. ქართული ხელნაწერების შესწავლა-აღწერის მიზნით მან 1902 წელს ნ. მართან ერთად იმოგზაურა სინის მთაზე და იერუსალიმში.
1903 წლიდან 15 წლის განმავლობაში ი. ჯავახიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი იყო სომხურ-ქართული ფილოლოგიის კათედრაზე. 1907 წელს მან ჩამოაყალიბა პეტერბურგის (პეტროგრადის) უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრე, რომლის უცვლელი ხელმძღვანელიც თვითონ იყო. პეტერბურგში ი. ჯავახიშვილის ბინაზე იკრიბებოდნენ პეტერბურგში მყოფი ქართველი მეცნიერები და ქართული უნივერსიტეტის დაარსების თაობაზე ბჭობდნენ. 1917 წელს ი. ჯავახიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1918 წელს მისი მეთავეობითა და ქართველ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით დაარსდა ქართული უნივერსიტეტი (შემდეგ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი). 1919-26 წლებში იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი.
ი. ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა ქართულ მეცნიერებაში. არ დარჩენილა ისტორიულ-ფილოლოგიური მეცნიერების არც ერთი დარგი, რომელშიც მას ფუძემდებლური ნაშრომები არ დაეტოვებია. გამოიკვლია საქართველოს ისტორია, საქართველოს ეკონომიკური ისტორია, ქართული სამართლის ისტორია, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, ქართული წყაროთმცოდნეობა, დამწერლობათმცოდნეობა და ა. შ.; მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო სომხურ საისტორიო მწერლობასა და ისტორიოგრაფიას. ი. ჯავახიშვილმა საგანგებოდ შეისწავლა მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში, ქართული მუსიკის ისტორიის, ქართული ენის აგებულებისა და ნათესაობის საკითხები, უძველესი პალიმფსესტური ხელნაწერები; გამოიკვლია ქართული მეცნიერული და სამეურნეო-ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა დარგის ტერმინოლოგია და სხვ. ი. ჯავახიშვილის ნაშრომების გარკვეული ნაწილი პეტერბურგში მოღვაწეობის დროს არის დაწერილი.
ი. ჯავახიშვილი გარდაიცვალა თბილისში, ხელოვნების მუშაკთა სახლში ლექციის კითხვის დროს.
ი. ჯავახიშვილი დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.