იუსტინე ჯანელიძე (1883–1950), ქირურგი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), რსფსრ სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი. დაიბადა საქართველოში, სამტრედიაში. 1905 სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის ხარკოვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. სწავლა განაგრძო შვეიცარიაში. 1911 წელს მიიღო მოსკოვის უნივერსიტეტის დიპლომი. 1921 წლიდან იყო პეტროგრადის სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, 1939-იდან კი - სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი ქირურგი. მისი ძირითადი შრომები ეხება გულისა და სისხლძარღვების ქირურგიის, გადაუდებელი და სამხედრო-საველე ქირურგიის პრობლემებს. 1913 წელს ი. ჯანელიძემ პირველად მსოფლიოში წარმატებით გაკერა ასწვრივი აორტის ჭრილობა. 1947 წელს აირჩიეს ქირურგთა საკავშირო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1949).
დ. ჯანელიძე გარდაიცვალა ქ. ლენინგრადში.